ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
ბზის გადარჩენის იმედით გაერთიანებული ბუნების მოყვარულები აფხაზეთსა და სამეგრელოში
ბზობის დღესასწაულის წინ, ისევე როგორც წინა წლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო აძლიერებს კონტროლს კოლხური ბზის უკანონო ჭრაზე. მოქალაქეებს, რომლებიც ტყეში ბზას მოჭრიან, 500-დან 1000 ლარამდე დაჯარიმდებიან, იმ შემთხვევაში კი, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აღემატება, სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.

მსგავსი ზომების მიღება, მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ბზის სიდამწვრის გამომწვევი პათოგენური სოკოს და ბზის ალურას გავრცელების შედეგად, კოლხურ ბზას გადაშენების საფრთხე დაემუქრა. 2016 სპეციალისტები, კოლხური ბზის კორომების 95% დაზიანების შესახებ აცხადებდნენ და სიტუაციას აფასებდნენ, როგორ ეკოლოგიურ კატასტროფას.

პანდემიის მიუხედავად, ბუნების მოყვარულები და პასუხისმგებლიანი მოქალაქეები, სახელმწიფოს და სხვადასხვა გარემოსდაცვითი ორგანიზაციების მხარდაჭერით, აგრძელებენ ზრუნვას კოლხური ბზის აღორძინებაზე, როგორც სამეგრელოში ასევე აფხაზეთში.

აფხაზეთში ბზის გადარჩენისთვის გადადგმული ნაბიჯები და FAO-ს მხარდაჭერა

გასული წლის შემოდგომაზე აფხაზეთის სამეცნიერო - კვლევითი საცდელი სადგურის ბაზაზე, ოჩამჩირეში, კოლხური ბზის სანერგე მეურნეობა მოაწყეს.

აფხაზი სპეციალისტების თქმით, ეს იყო მცენარის გადარჩენის და აღორძინების მიზნით გადადგმული პირველი ნაბიჯი. პროექტი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მხარდაჭერით განხორციელდა.

ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის რომან დბარის თქმით, აფხაზეთში  ბზის კორომების უმეტესი ნაწილი განადგურდა. პირველი ნიშნები, მხოლოდ სპეციალისტებმა დააფიქსირეს, რადგან დაავადებამ თავდაპირველად ბზის გავრცელების არეალში, ყველაზე ძნელად მისაწვდომ, ჩრდილიან ადგილებში შეაღწია, ამას დაემატა ბზის ალურა, რომელმაც საბოლოოდ დააზიანა კოლხური ბზა. "აფხაზეთში არ გვაქვს საკმარისი რესურსი, ამ დონის პრობლემის გადასაჭრელად, თუმცა,  ასეთი მოკრძალებული შესაძლებლობების მიუხედავად, ჩვენ შევძელით, ცალკეულ უბნებზე ბზის კორომების შენარჩუნება, ძირითადად, ბზიფის ხეობაში, რამდენიმე სამსახურის და უწყების ერთობლივი, ინტეგრირებული მიდგომის შედეგად", - ამბობს რომან დბარი.   

ბზის გადარჩენას აფხაზეთში, არა მარტო მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხით, არამედ, კერძო შემოწირულობების საშუალებითაც ცდილობენ - მოქალაქეების ნაწილმა საკუთარი ხარჯებით შეძენილი პრეპარატებით შეწამლა მათი ეზოების თუ საკარმიდამო მეურნეობების მიმდებარედ არსებული კოლხური ბზის ნათესები. ამ ძალისხმევამ გარკვეული შედეგიც გამოიღო, საზოგადოებრივი - ეკოლოგიური ორგანიზაცია "აპსაბარას" მოხალისეებმა ბზის თესლი შეაგროვეს და სოფელ მგუდზირხვაში არსებული საბავშვო ბანაკის ბაზაზე ბზის სანერგე მეურნეობის მოწყობა დაიწყეს.  "პირველ რიგში, ყოველთვის ვაწყდებოდით რესურსების უკმარისობას, მეორეც,  მათ შორის ინტელექტუალურის, როდესაც არ გვყოფნის სპეციალისტები, ანუ იმის თქმა მინდა, რომ ადამიანები დაკავებულები არიან და ძალიან რთულია მოიზიდო ისინი პროცესში, რომელიც, არც კი იცი, როგორ დასრულდება. ასე თუ ისე, როდესაც ჩვენ უკვე FAO-მ მოგვმართა ამ პროექტის განხორციელების წინადადებით, ეს ოპტიმიზმით აღვიქვით, მით უმეტეს,რომ ამ ორგანიზაციის აქტივობის მოცულობა ჩვენთვის დიდი ინტერესს წარმოადგენს", - ყვება "აპსაბარას" მენეჯერი რომან ლეიბა.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია, ევროკავშირთან ერთად, 2017 წლიდან ახორციელებს პროექტს აფხაზეთში ტყეების, მცენარეებისა და ცხოველების ჯანმრთელობისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის მიზნით. ევროპული სამეზობლო პროგრამის ფარგლებში 50 ათასი დოლარი ან თითქმის 4 მილიონი რუბლი უკვე დაიხარჯა მონიტორინგის, განათლებისა და ტექნიკური დახმარებისათვის, წაბლის, პალმისა და ბზის გადასარჩენად.

საცდელი სადგურის დირექტორის ვიტალი ლეიბას თქმით, მათ სანერგეს "აპსაბარამ" 30 ათასამდე ბზის თესლი გადასცა, მანამდე, თავადაც შეაგროვეს 50 ათასამდე. "უკვე 80 ათასი თესლია. მათ 10 რიგად დავთესავთ. ჩვენ უკვე დავრგეთ თვითდათესვის შედეგად ამოსული ნერგები, უფრო ადრე, ვიცოდით, რომ ეს პროცესი გაგრძელდებოდა და გაერო ეტაპობრივად მხარს დაგვიჭერდა... მეცნიერებაში დაკალმების სხვადასხვა ვარიანტია, ჩვენ თანდათან ვაკეთებთ და დავაკვირდებით, როგორ გაიზრდება, 2,5 ათასამდე უკვე დარგულია", - ყვება სპეციალისტი.

მისი აზრით, ბზის კორომების სრული აღდგენაზე ჯერჯერობით ნაადრევია საუბარი, რადგან ეს მარადმწვანე რელიქტური სახეობა ძალიან ნელა იზრდება, ანუ ახლად დარგული თესლისგან ნერგის მიღებას და შემდეგ მის გადარგვას, დაახლოებით 7-8 წელი დასჭირდება. "ამასთან, ღია ადგილზე დარგული ბზა ვერ გაიხარებს, ეტაპობრივად უნდა გაიხაროს იმ ადგილებში, სადაც არის რცხილა ან დამატებით, ლაფანი, სასურველია, რომ ასეთი ხეების ჩრდილში იზრდებოდეს ბზა და არა ღია ადგილზე", - განმარტავს ვიტალი ლეიბა.

საერთაშორისო პროექტი აფხაზეთში უკვე დასრულდა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახლა აფხაზმა სპეციალისტებმა დამოუკიდებლად უნდა უზრუნველყონ ნერგების უსაფრთხოება და შემდეგ მათი გადარგვა.


ბზის სიყვარულით არჩეული პროფესია და სიცოცხლის ნიშნები სამეგრელოს ბზის კორომებში

20 წლის ხობელი სტუდენტი სანდრო ნარსია ერთ-ერთი მათგანია, ვინც ჯერ კიდევ სკოლაში ყოფნის პერიოდში ჩაერთო ბზის გადარჩენის კამპანიაში, როგორც გარემოსდაცვითი ორგანიზაციის ერთ- ერთი პროექტის მონაწილე. მეტიც, სწორედ ამ პრობლემამ განაპირობა მისთვის მომავალი პროფესიის არჩევა. დღეს ის აგრარული უნივერსიტეტი სატყეო საქმის პროგრამის მე-3 კურსის სტუდენტია.

თავის დროზე, ხობის რაიონის სოფელ ხეთაში, საკუთარ ეზოში  მოაწყო პატარა სანერგე, სადაც ბზას აკალმებდა, უვლიდა და შემდეგ, მის გამრავლებაზე ზრუნავდა. უახლოეს მომავალში სანერგე მეურნეობის გაფართოებას და ამ მიზნით, სატყეო ფართობის აღებას გეგმავს. "ეს სანერგე მეურნეობა რომლის გაფართოებასა და განვითარებაზე ვფიქრობ, პირდაპირ კავშირში იქნება ბზის რეინტროდუცირებასთან ანუ ბუნებაში ხელახლა დაბრუნებასთან. სატყეო სააგენტოსთან მქონდა კომუნიკაცია, მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს შექმნილი მდგომარეობის გამო, გაჭიანურდა პროცესები, თან სტუდენტი ვარ და დატვირთული გრაფიკი მაქვს, მინდა სატყეოს ხელშეწყობით ვალდებულებით ავიღო სატყეო ფართობი, რომელიც იყო არეალი ბუნებრივი კოლხური ბზისა ანუ სკოლაგამოვლილი, პროფესიული ენით რომ ვთქვათ, ჯანსაღი ნერგები დავაბრუნო იქ, სადაც მათი ადგილი არის. რა თქმა უნდა ისეთ ტერიტორიებზე, სადაც ეს სახეობა გვხვდებოდა", - გვიზიარებს სანდრო სამომავლო გეგმებს.

ხობელი სტუდენტი, უკვე წლებია ჩართულია საინფორმაციო კამპანიაში, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, რისთვისაც აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელებს. საკუთარ სანერგეებში ბზის მოშენების და გამრავლების მსურველებს რჩევებსაც უზიარებს. "არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ კორონავირუსის გამო შექმნილი სიტუაციის გამო, ზოგადად შეიცვალა მოსახლეობის დამოკიდებულება ბუნებისადმი, ბევრმა გააცნობიერა, რომ ბუნებრივი რესურსი არის ის აუცილებელი რამ, რასაც სჭირდება გაფრთხილება", - ამბობს სანდრო ნარსია.

წითელ ნუსხაში შეტანილი კოლხური ბზის გადარჩენის მიზნით  განხორცილებული ღონისძიებების შედეგებზე ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილეს ნათია იორდანაშვილს ვესაუბრეთ.  მისი თქმით, ამ წლების განმავლობაში  ეროვნული სატყეო სააგენტო ახორციელებდა მავნებელ დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებებს, როგორ ფერომონებით - მწერსაჭერებით, ისე მცენარის დამუშავებით, რამაც გარკვეული შედეგები უკვე გამოიღო. მან აღნიშნა, რომ განსაკუთრებით დიდი ზარალი სამეგრელოში არსებულ ბზის კორომებს მიადგა რადგან სწორედ აქ არის კოლხური ბზის გავრცელების ბუნებრივი არეალი. "ზუსტად აქ არის საკმაოდ კარგი ნიშნები ბუნებრივი განახლებისა, ლუგელას ხეობაში, მარტვილისკენ, ჯერ კიდევ შორიდან რომ შეხედო აი ამ ბზის კორომებს, საკმაოდ გულისმომკვლელი სანახაობაა და თითქოს სიცოცხლის ნიშანწყალი იქ არ შეიმჩნევა, მაგრამ, როდესაც სპეციალისტები ადგილზე მიდიან, დეტალურად სწავლობენ, ჩვენ უკვე საკმაოდ კარგი ნიშნები გვაქვს რიგ ადგილებში", - გვითხრა ნათია იორდანაშვილმა.

სააგენტოს წარმომადგენლის თქმით, სხვა ღონისძიებებთან ერთად დიდი როლი ითამაშა საინფორმაციო კამპანიამ, რამაც მოსახლეობის მიდგომები პრობლემის მიმართ მეტნაკლებად შეცვალა. სატყეო სააგენტოს წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ შეახსენა მოსახლეობას, რომ ბზის მოპოვება ნებადართულია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან.


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
21 / ნოემბერი 2024
მექორწინე ოჯახებს შორის არსებული ეკონომიკური ვალდებულებების თვალსაზრისით უკანასკნელ მოვალეობას შეადგენდა ,,აკვნის მიყვანა“.
21 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.