ხანგრძლივი კარანტინის შემდეგ, სოხუმში ერთი მეორის მიყოლებით იმართება გამოფენები. ერთ-ერთი მათგანი, დები ბუბნოვების შემოქმედებას მიეძღვნა.
ექსპოზიციაზე, რომელიც აფხაზეთის მხატვართა კავშირის ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში გაიმართა, წარმოდგენილი იყო ცნობილი მხატვრის ვარვარა ბუბნოვას ნამუშევრები, რომლებიც სოხუმში, 30 წლის შემდეგ, მეორედ გამოიფინა. პირველად ეს 1992-93 წლებში, ომის შემდგომ პერიოდში მოხდა.
მხატვრის ყველა გამოფენას ორგანიზებას ბუბნოვას ნახატების ფონდის მეურვე, აზა არგუნი უწევს.
"2001 წელს ექსპოზიცია მოსკოვში გაიმართა, რუსეთში იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით და მხოლოდ ახლა შევძელით მისი აქ ჩამოტანა. ჩვენს გალერეაში ნახატების შენახვის პირობები საშინელია, რა თქმა უნდა", - ამბობს აზა არგუნი.
ვერნისაჟზე ასევე წარმოდგენილი იყო ვარვარა ბუბნოვას და მისი დების, ცნობილი მუსიკოსების, ანა და მარიას ცხოვრების და შემოქმედების ამსახველი იშვიათი ფოტომასალა.
თავადაზნაურთა წრის წარმომადგენლები ბუბნოვები პეტერბურგში დაიბადნენ, ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ იძულებით დატოვეს რუსეთი და გაემგზავრნენ იაპონიაში.
პირველი, აფხაზეთში, 1930-იან წლებში, უფროსი და, მარია ჩავიდა, ის პიანისტი იყო და სოხუმის მუსიკალურ სასწავლებელში მუშაობდა პედაგოგად. წლების შემდეგ, მასთან ჩავიდნენ მისი დები - მუსიკოსი, მევიოლინე ანა და მხატვარი ვარვარა, რომელიც მოიხიბლა ადგილობრივი ბუნებით და მრავალი ნამუშევარი შექმნა. მანამდე, ის, თითქმის 30 წელი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა იაპონიაში, სადაც მხატვრის რამდნიმე პერსონალური გამოფენა გაიმართა.
"ის (ვარვარა) და მისი დები ეზიარნენ მე-19 და მე-20 საუკუნის მსოფლიო კულტურის საუკეთესო მიღწევებს და გადასცემდნენ მას ადამიანებს, რომლებიც უყვარდათ", - ამბობს არგუნი.
მისი თქმით, დებმა ღრმა კვალი დატოვეს რესპუბლიკის კულტურული ცხოვრების ისტორიაში.
საგამოფენო დარბაზის დირექტორის ელვირა არსალიას თქმით, გამოფენა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საზღვრები და შეზღუდვები არ არსებობს, როდესაც საქმე ხელოვნებას ეხება.
"სანამ ეს გამოფენა მუშაობდა და ადამიანები მოდიოდნენ, მივხვდი, რომ მან ძალიან მნიშვნელოვანი რამ გვაჩუქა, გაცნობიერება იმისა, რომ დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება აი, ასეთი, აბსოლუტური მიმღებლობა სხვდასხვა კულტურის, რადგან ნამდვილად ნიჭიერი ადამიანი ყოველთვის პოულობს სხვდასხვა კულტურაში არსებულ თანახმიანობას", - ამბობს ის.
მკაცრი კარანტინის პერიოდში მხატვრის ნამუშევრები აფხაზეთის სახელმწიფო სამხატვრო გალერეაში ინახებოდა. ეს უბრალოდ ორი ოთახია, რომელიც აფხაზეთის მხატვართა კავშირის ცენტრალური საგამოფენო დარბაზის მეორე სართულზეა განლაგებული. მხატვარ დიანა ხინთბას თქმით, სამწუხაროა, რომ ასეთ პირობებში ინახება მხატვრის ნამუშევრები, რომლებიც მისი თქმით, კულტურულ ფასეულობას წარმოადგენს.
"ბუბნოვას ნამუშევრები პირველად ახლა ვნახე, მანამდე, მხოლოდ კატალოგში მქონდა ნანახი. იმის გამო, რომ ეროვნული გალერეა არ გვაქვს, ისინი სამწუხაროდ, ასეთ მდგომარეობაში ინახება დახურულ შენობაში და მიუწვდომელია მნახველებისთვის", - ამბობს ხინთბა.
მისი თქმით, დები ბუბნოვების ავტორიტეტის წყალობით, იაპონიასა და აფხაზეთს შორის წლების განმავლობაში საკმაოდ ნაყოფიერი კულტურული კონტაქტები იყო დამყარებული და სწორედ ეს იყო ყველაზე შთამბეჭდავი მისთვის ამ გამოფენაში.
დღემდე, აზა არგუნმა ვარვარა ბუბნოვას 70-მდე ნამუშევრის შეგროვება მოახერხა, ასევე თავი მოუყარა უამრავ მასალას, მათი ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.
სოხუმში ბუბნოვების მუზეუმი გახსნაც იგეგმებოდა, რისთვისაც პუშკინის ქუჩაზე შენობაც გამოიყო, თუმცა, ჯერჯერობით, თანხების უქონლობის გამო ეს ვერ მოხერხდა.
მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.
მასალის გამოყენების პირობები