კორონავირუსის პანდემიის გამო შემოღებული შეზღუდვების შედეგად, გაიზარდა უმუშევრობა, შემცირდა შემოსავლები. კვლევაში, რომელიც გაერომ ჩაატარა, ნათქვამია, რომ პანდემიის შედეგად, საქართველოს რეგიონებში დასაქმებული მოსახლეობის მესამედმა სამსახური დაკარგა.
გამოკითხული ქალების 78% აცხადებს, რომ თუ ვირუსის გავრცელების შემზღუდავი ზომები გაგრძელდება, მათ ძირითადი ხარჯების დაფარვა გაუჭირდებათ.
პანდემიის პირობებში ქალების დასაქმების ხელშეწყობის, ტექნოლოგიურ პროფესიებში მათი როლის, მოსახლეობის კომპიუტერული ცოდნის ამაღლების მიზნით, ევროკავშირის და UNDP-ის (გაეროს განვითარების ფონდის) ორგანიზებით აფხაზეთში ქალებისთვის IT და Digital სფეროებში კურსების ჩატარება იგეგმება.
"ეს პროექტი გათვლილია იმ ახალგაზრდა ქალებზე, რომლებმაც თავის დროზე ვერ მიიღეს განათლება, ან პოსტ-სადიპლომო პერიოდში სურთ კვალიფიკაციის ამაღლება, თუმცა, უსახსრობის ან სხვა მიზეზებით ვერ მოახერხეს განათლების მიღება, ანუ გვინდა, რომ ქალების ყველა ჯგუფს დავეხმაროთ, უფროსკლასელებიდან დაწყებული ზრდასრული ადამიანებით დამთავრებული, ვისაც მომავალში სურს ცოდნის მიღება და გაღრმავება", - ამბობს ფონდის "ქალები განვითარებისთვის" ფინანსური დირექტორი საიდა ბერულავა.
კურსები, რომლებიც 4 თვეს გაგრძელდება და ისეთ მიმართულებებს მოიცავს, როგორიცაა - სოციალური მედია მარკეტინგი, თარგეთირება, ვებ-გვერდების, აპლიკაციის, 1С პროგრამის შექმნა, ავტოკადი, ასევე ვიდეო და ფოტო მონტაჟი. მათი გავლის მსურველებს ანკეტირების საფუძველზე შეარჩევენ.
ერთ-ერთ აპლიკანტის თქმით, ისინი დიდი ხანია პროგრამირების ათვისებასა და აპლიკაციების შექმნაზე ოცნებობენ, მისი თქმით, დღესდღეობით, ეს საკმაოდ პერსპექტიული და სარგებლიანი საქმეა მთელს მსოფლიოში, პანდემიამ კიდევ უფრო მოთხოვნადი გახადა ისინი.
"მე დიდი ხანია მინდა ვისწავლო აპლიკაციების შექმნა, თუმცა არ ვიცოდი, სად და როგორ ასწავლიან ამ საქმეს, აქ კი ასეთი კურსები გამოჩნდა. ახლა დეკრეტულ შვებულებაში ვარ და ახალი ცოდნისა და უნარების ათვისება ჩემთვის ახლა უკიდურესად მნიშვნელოვანია. მით უმეტეს, ამ პერიოდში, როდესაც აპლიკაციები ყველას სჭირდება და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი გამომივა", - ამბობს ახალგაზრდა ქალი.
Jawа პროგრამირების ენის სპეციალისტი საიდ ფაჩულია, რომელიც კურსებს გაუძღვება, ამბობს, რომ ინფორმატიკის საფუძვლების ცოდნის გარეშეც შესაძლებელია აპლიკაციების შექმნის უნარების დაუფლება.
"შემდგომში პროგრამის ასაწყობად აუცილებელია სტრუქტურული მონაცემების ცოტაოდენი ცოდნა მაინც, ანუ ინფორმატიკაზე ოდნავ მეტის, ვთქვათ, უბრალო აპლიკაციის დასაწერად. შეიძლება შეისწავლო სინტაქსისი იმ შემთხვევაშიც, თუ ინფორმატიკა არ გაგივლია სკოლაში, პრინციპში ნულიდანაც შეიძლება ყველაფრის დაწყება", - თვლის სპეციალისტი.
არქიტექტორი კამა კაცია დარწმუნებულია, რომ IT და Digital სფეროში მიღებული უნარები, ხელს შეუწყობს ადგილობრივი შრომის ბაზრის განვითარებას. მაგალითად მას ვიზუალიზაციის სპეციალისტი მოჰყავს, რომელსაც შეუძლია იმუშაოს მომხმარებლებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
"ნიუ იორკისთვის აქაც შეიძლება მუშაობა. ამისათვის მხოლოდ კომპიუტერი, ხელები და თავია საჭირო, შესაბამისად, ჩვენ შეგვეძლება მსოფლიოს მასშტაბით მივაწოდოთ მსგავსი სერვისები, ვიზუალიზაციის, რენდერინგის ან სხვა მომსახურების სახით, მაგალითად, იგივე, რასაც უკრაინა აკეთებს ახლა, უკრაინა ვიზუალიზაციის ბაზარზე ნომერ პირველია. მთელი მსოფლიოსთვის აპროექტებენ. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ახლა ამის ორგანიზება ძალიან მარტივად შეიძლება".
აპლიკანტებს უფასო კურსებისთვის გულდასმით შეარჩევენ, რადგან ორგანიზატორების თქმით, ისინი მიიღებენ მხოლოდ მათ, ვისაც ნამდვილად სჭირდება დამატებითი განათლების მიღება და ვისაც აღნიშნული მასალის ათვისების უნარი ექნება. თითო ჯგუფში 6 დან 10-მდე ადამიანი იქნება, რათა ყოველ მათგანს დაეთმოს საკმარისი ყურადღება და მათ სერტიფიკატთან ერთად რეალური ცოდნა მიიღონ.
მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.
მასალის გამოყენების პირობები