5 ივლისს ენგურის ხიდი, რომელიც თითქმის წელიწადნახევრის განმავლობაში, კორონავირუსის პანდემიის გამო იყო ჩაკეტილი, გაიხსნა. აფხაზური მხარე ამის მიზეზად, ისევ გაუარესებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ასახელებს.
ბოლო კვირის განმავლობაში ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი ასს აჭარბებს. გალის საავადმყოფოს მთავარი ექიმი ასტამურ გამგია განმარტავს, რომ სამეგრელო - აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის "უკანონო" კვეთის შემთხვევების ზრდის გამო, გართულდა დანარჩენის საქართველოდან აფხაზეთში გადამსვლელი მოქალაქეების აღრიცხვა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენა. მისი თქმით, ხიდის გახსნამ ეს პროცესი მოაწესრიგა.
"აღნიშნული ნაბიჯი გადაიდგა როგორც მედიკოსებზე დიდი დატვირთვის შესამსუბუქებლად, ასევე იმისთვის, რომ გალის რაიონის მცხოვრებლებს და აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს გადასვლა გაუადვილდეთ. ბევრ მათგანს გაღმა ჰყავს ოჯახები. ასევე, ბოლო დროს გაიზარდა არალეგალური კვეთის შემთხვევები და ადამიანებს გადასვლის პირობები რომ გავუმარტივოთ, ჩვენ დავაბალანსეთ ეს მომენტები და მივედით იმ მნიშვნელამდე, რომ პრაქტიკულად, ეს პრობლემები მინიმუმამდე დავიყვანეთ“, - ამბობს ასტამურ გამგია.
იმის გამო, რომ აფხაზეთში მოსკოვიდან შეტანილი "სპუტნიკ V - ს" მარაგი ამოიწურა, რაც 6,5 ათას დოზას შეადგენდა, სოხუმი გალის მცხოვრებლებს სთავაზობს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აიცრან კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინით. ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა რესპუბლიკა რუსული ვაქცინის მორიგ პარტიას.
"მოქალაქეებს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ მათ თავად აირჩიონ ვაქცინაციის ადგილი, ანუ მათ შეუძლიათ გადაკვეთონ საზღვარი, აიცრან აღმოსავლეთში და უკვე ამის დამადასტურებელი ცნობით დაბრუნდნენ, ჩვენ მათ დავარეგისტრირებთ, და გვექნება ერთიანი მონაცემთა ბაზა, სადაც გავაერთიანებთ ვაქცინირებულ პაციენტებს მთელი აფხაზეთის მასშტაბით", - აცხადებს გამგია.
გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კონსტანტინე ფილიას თქმით, ვაქცინირებულ გალის მცხოვრებლებს ენგურის ხიდზე მოწყობილ სამედიცინო პუნქტში აღრიცხავენ, რომელიც შესაბამისად არის აღჭურვილი და უზრუნველყოფილია ინტერნეტით.
თუმცა, იმ შემთხვევაში, თუკი სამეგრელოში მოქალაქე განსაზღვრულზე მეტ ხანს დარჩება, მან საზღვრის კვეთამდე ბოლო 72 სთ-ში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი ან ჩატარებული ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობა უნდა წარადგინოს, განმარტავს ასტამურ გამგია.
ენგურის ხიდი კორონავირუსის პანდემიის მიზეზით აფხაზურმა მხარემ 2020 წლის მარტში ჩაკეტა.
სულ ამ დროის მანძილზე აფხაზეთში ინფიცირების 18 505 შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა 257, გამოჯანმრთელდა 15 677 ადამიანი.
მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.
მასალის გამოყენების პირობები