აფხაზეთის მცხოვრებლებს, რომლებიც "სპუტნიკ V-ის" ორივე დოზით აიცრნენ, QR კოდი მიენიჭებათ და ვაქცინაციის დამადასტურებელ სერტიფიკატს მიიღებენ, რომლის გამოყენებასაც
ისინი რუსეთის ფედერაციაში შეძლებენ, ამის შესახებ მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ლუდმილა სკორიკმა განაცხადა.
"მოქალაქეებს, რომლებსაც უკვე ჩაუტარდათ აცრა ან ვაქცინაცია, მიიღებენ სმს შეტყობინებას ლოგინით და პაროლით, და აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე პირად კაბინეტში შესვლას შეძლებენ, მათ შეუძლიათ მობილურ ტელეფონებში გადმოიწერონ და საჭიროების შემთხვევაში, წარადგინონ, ასეთი შესაძლებლობა ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში არსებობს და ეს ჩვენს მოქალაქეებსაც უნდა ჰქონდეთ", - განმარტა მან.
მისივე თქმით, ლამინირებული დოკუმენტის მისაღებად აცრილმა მოქალაქეებმა აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ბაქტერიოლოგიურ ლაბორატორიას უნდა მიმართონ და თან აფხაზეთის მოქალაქის პასპორტი ან საზღვარგარეთის პასპორტი (რუსული ან აფხაზური) იქონიონ.
თუმცა, ეს სიახლე არ ვრცელდება "სპუტნიკ ლაითით" აცრილ მოქალაქეებზე, არადა, ამ ეტაპზე აფხაზეთში მხოლოდ ეს რუსული ვაქცინაა ხელმისაწვდომი. აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ მათ უკვე მიმართეს რუსეთის ფედერაციას, "სპუტნიკ V-ის" მორიგი პარტიის შემოტანის მოთხოვნით, თუმცა, უწყებაში არ დაუკონკრეტებიათ, როდის მოხდება ეს.
რუსეთის ტერიტორიაზე QR-კოდის გამოყენების შესაძლებლობას ადგილობრივი მცხოვრებლები სკეპტიკურად უყურებენ, რადგან თვლიან, რომ ამ სიახლის დანერგვა ახლო მომავალში ნაკლებად არის მოსალოდნელი.
"არ ვიცი, ჩვენთვის რამდენად შესაძლებელი იქნება. პრინციპში, ცუდი აზრი არ არის, რადგან თანამედროვე მსოფლიოში, ყველა ქვეყანაში სარგებლობენ QR-კოდებით და კარგია, ჩვენც გვეფიქრა ამაზე უფრო სერიოზულად. ეს იდეა ძალიან მომწონს, მაგრამ, ხორცს როგორ შეასხამენ, ეს უკვე სხვა საკითხია", - ამბობს ახალგაზრდა ქალი.
თუმცა, ის აქვე აღნიშნავს, რომ მსგავსი სისტემის დანერგვის შემდეგ, აფხაზეთში ვაქცინაციის ბევრის მსურველი გაჩნდება.
ამას ეთანხმება სოხუმელი ვერონიკა, რომელიც შვილთან ერთად ხშირად მგზავრობს სოჭში, და როგორც ამბობს, მიესალმება რუსეთში მოქმედი QR კოდის დანერგვას, რადგან, როგორც იცის, რუსეთის ფედერაციაში ოქტომბრის ბოლოდან დახურულ სივრცეებში, კვებისა და კულტურის ობიექტებში, მოქალაქეებს QR კოდის და ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატის წარდგენა მოუწევთ.
"ჩემს შვილთან ერთად ხშირად დავდივართ სავაჭრო ცენტრებში, საბავშვო გასართობ ოთახებში, და თუ აფხაზეთში დაიწყებენ QR კოდების გაცემას, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, რომ მსგავს ობიექტებში შევიდეთ, ვფიქრობ, ავიცრებოდით, მეც და აფხაზეთის სხვა მცხოვრებლებიც", - ამბობს ის.
თუმცა, მეორე მხრივ, QR-კოდების შესახებ სიახლის დაანონსებამ შესაძლოა, აფხაზეთში ამჟამად ხელმისაწვდომი "სპუტნიკ ლაითით" იმუნიზაციის ტემპი შეანელოს, რადგან, მოსახლეობა, რომელიც ხშირად გადის რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ კი სოჭში, სავარაუდოდ, "სპუტნიკ V- ის" შემოტანას დაელოდება.
მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения"-ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.
მასალის გამოყენების პირობები