ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ხურჩა-ნაბაკევის საზღვარზე მოკლული
გიგა ოთხოზორიას საქმის განხილვები
გრძელდება. ბრალდებულ რაშიდ კანჯი ოღლის, რომელიც სხდომას არ ესწრება,
სახაზინო ადვოკატი მთვარისა ბიგვავა იცავს, ბრალდების მხარეს
პროკურორი ლევან ფიფია წარმოადგენს.
საქმის განხილვა 108-ე მუხლით და სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე და მესამე
ნაწილით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის
მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების
შემთხვევაში
რაშიდ კანჯი ოღლის,
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, შვიდიდან თხუთმეტ
წლამდე პატიმრობა ემუქრება.
21 დეკემბერს გამართულ სხდომაზე ბრალდების მხარემ მტკიცებულებები
წარმოადგინა, მათ შორის, მკვლელობის ამსახველი ვიდეო მასალა, რომელიც
სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. ასევე, ექსპერტიზის დასკვნა, რომლის
მიხედვით დგინდება, რომ გიგა ოთხოზორია მკვლელობის მომენტში
ალკოჰოლისა და ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ არ
იმყოფებოდა.
პროკურორმა სხდომაზე აღნიშნა, რომ ბრალდებულს სამეგრელო-ზემო სვანეთის
სამხარეო პოლიციის თანამშრომლები მობილური ტელეფონის საშუალებით
დაუკავშირდნენ და პოლიციაში დაიბარეს, თუმცა მან ტელეფონი გათიშა და
ამის შემდეგ მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.
მომდევნო პროცესი
26 დეკემბერს ჩაინიშნა,
რომელზეც მხარეები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ. ამავე სხდომაზე,
შესაძლებელია, მოსამართლემ განაჩენი გამოიტანოს.
ცნობისთვის, გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ 19 მაისს, დაახლოებით
15:00 საათზე, ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან, საქართველოს მიერ
კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით
მოკლა.
აფხაზური გამოცემების ინფორმაციით, ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულ
რაშიდ კანჯი ოღლუს ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო სამხედრო
სასამართლომ შინა პატიმრობა მიუსაჯა.
მასალის გამოყენების პირობები