ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ენგურმა განსაკუთრებული
საშიშროება სოფელ ტყაიაში შექმნა. გამგებლის წარმომადგენლის ედემ
კეკუტიას ინფორმაციით, არსებობდა საშიშროება მდინარეს კალაპოტი
გაერღვია და დინებას მიმართულება შეეცვალა, რაც სავალალო შედეგებს
მოიტანდა. მისივე თქმით, წუხელ მთელი ღამის განმავლობაში ნაპირსამაგრი
სამუშაოები მიმდინარეობდა და ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია.
"ტყაიის, რიყისა და რუხის ნაწილი დაიტბორებოდა...ზარალი უდიდესი
იქნებოდა. მთელი ღამე აქ ვიყა"ავით და ვმუშაობდით. ნაპირი დროებით
გავამაგრეთ. ველოდებით სამინისტროს წარმომადგენლებს. სასწრაფოდ არის
ზომები მისაღები", - უთხრა რადიო
"ათინათს"
სოფლის გამგებელმა ედემ კეკუტიამ.
აღნიშნული საკითხი დღეს გუბერნიაში გამართულ საგანგებო შტაბის
სხდომაზეც განიხილეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების
თქმით, ფაქტის დადგომის შემთხვევაში, მდინარე ასობით ოჯახს წალეკავდა
და მსხვერპლიც იქნებოდა.
ადგილზე უკვე გაემგზავრნენ გუბერნატორი ლევან შონია და
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კახაბერ გულედანი.
„ტყაიაში, ორსანტიასა და შამგონაში ძალიან რთული მდგომარეობაა. გუშინ
მაშველებმა შეძლეს, რომ წყალი ამ ეტაპზე მოსახლეობისკენ არ
გადმოსულიყო. ახლა დავგეგმავთ და სწორედ ამ სოფლებიდან დავიწყებთ
ნაპირსამაგრ სამუშაოებს“, - აღნიშნა შონიამ.
ცნობისთვის, გადაუღებელი და ძლიერი წვიმის შედეგად სამეგრელოს თითქმის
ყველა მუნიციპალიტეტი დაზარალდა. განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობაა
წალენჯიხაში, ათეულობით სახლ-კარი და სახნავ-სათესი სავარგულები
დაიტბორა. ადიდებულია მდინარეები და ღელეები.
მასალის გამოყენების პირობები