მესტიის მუნიციპალიტეტის ჟაბეშის დასახლებაში უამინდობის გაგრძელების
შემთხვევაში მეწყერის ჩამოწოლისა და მოსახლეობის დატბორვის
საშიშროება არსებობს. ამის შესახებ რადიო
"ათინათს" მესტიის მუნიციპალიტეტის
გამგებლის მოადგილემ ნელი ნავერიანმა განუცხადა. მისი თქმით, ჟაბეშში
წუხანდელი სტიქიის შედეგად ღელე ადიდდა, წვიმის გაგრძელების
შემთხვევაში კი არსებობს საფრთხე, რომ ღელე კალაპოტიდან გადმოვიდეს და
მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები დაიტბოროს.
„საბედნიეროდ, ჯერჯერობით, არ არის მატერიალური და ადამიანური ზარალი.
ხიდი შენარჩუნებულია, ხოლო ღელე ამოვსებულია ქვა-ღორღით. თუ განმეორდა
წუხანდელი სტიქია, თავისუფლად გადავა ოჯახებში. აღნიშნული ღელეს
სათავეში მიწა დანაპრალებულია და მისი მოწყვეტის შემთხვევაში კალაპოტი
მას ვერ შეაკავებს“, - აღნიშნა ნავერიანმა.
ღელე სამთო-სათხილამურო კურორტ თეთნულდთან ახლოს მდებარეობს და
სათავეს თეთნულდის ფერდობებიდან იღებს.
შემთხვევის ადგილზე ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები და
სპეციალურად შექმნილი ჯგუფია მობილიზებული.
მასალის გამოყენების პირობები