ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მამათა მონასტრის
ეზოში მრევლი ისევ შეიკრიბა. 300 - მდე ადამიანი
საპატრიარქო სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილების
თავმჯდომარეს მეუფე ვახტანგს ელოდება. იქვე იმყოფებიან სასულიერო
პირები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
შეკრებილების ინფორმაციით, მეუფე ვახტანგი, რომელმაც ზუგდიდისა და
ცაიშის ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად ხობში მარიამობის
დღესასწაულზე ღვთისმშობლის წმინდა სამოსელის გადაბრძანების საკითხი
უნდა განიხილოს, უკვე გზაშია.
მრევლი ტაძრის ეზოში, მეუფეს რეზიდენციის შენობის მიმდებარე
ტერიტორიაზე დღის განმავლობაშიც იყო შეკრებილი, ისინი დროებით მას
შემდეგ დაიშალნენ, რაც მეუფის ჩამოსვლის დრო დაზუსტდა. მშენებარე
ტაძრის ეზოში შეკრებილები სიწმინდის ხობში, მეზობელ მუნიციპალიტეტში,
თუნდაც ერთი დღით, გადატანას ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ ამას
არ დაუშვებენ. ის, თუ როგორ გადაწყდება აღნიშნული საკითხი,
სავარაუდოდ, შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.
ისტორიული წყაროების მიხედვით, კვართი საქართველოში 1453 წელს,
ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ, გადმოუტანიათ, იგი ჯერ ბედიის
ტაძარში, შემდეგ ხობის ეკლესიაში დაუბრძანებიათ. 1533 წლიდან კი ლევან
პირველ დადიანს ზუგდიდში, სამთავროს სასახლეში გადაუსვენებია.
ღვთიმშობლის წმინდა სამოსელი მას შემდეგ დადიანების სასახლეთა
ისტორიულ–არქიტექტურულ მუზეუმში ინახება.
მასალის გამოყენების პირობები