საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბერლინში დე ფაქტო აფხაზეთის
დე-ფაქტო სავაჭრო
- სამრეწველო პალატის წარმომადგენლობის გახსნის შესახებ გავრცელებულ
ინფორმაციას გამოეხმაურა. უწყებაში აცხადებენ, რომ ბერლინში დე-ფაქტო
სოხუმის სავაჭრო წარმომადგენლობის გახსნა კერძო პირების
ინიციატივაა.
"აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ კერძო პირების
ინიციატივას და მას არაფერი აქვს საერთო დიპლომატიურ ან ეკონომიკურ
წარმომადგენლობასთან; გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლები თავიანთ
განცხადებებში მუდმივად უსვამენ ხაზს საქართველოს სუვერენიტეტისა და
ტერიტირიული მთლიანობის მხარდაჭერას",– განმარტავენ საქართველოს
საგარეო საქმეთა სამინისტროში.
სააგენტო „აფსნიპრესის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ
ბერლინში აფხაზეთის „სავაჭრო-სამრეწველო პალატის“ წარმომადგენლობა
გაიხსნა.
„წარმომადგენლობის გახსნას წინ უძღვოდა გერმანიის ფედერაციული
რესპუბლიკის სახელმწიფო უწყებებთან მრავალწლიანი მოლაპარაკებების
პროცესი, ასევე - წარმომადგენლობის რეგისტრაცია“, - განუცხადა
სააგენტოს დე ფაქტო რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის
ვიცე-პრეზიდენტმა თამილა მერცხულავამ. დე ფაქტო რესპუბლიკის სავაჭრო
სამრეწველო პალატის წარმომადგენლობას გერმანიის მოქალაქე ვოლფგანგ
მატცკე უხელმძღვანელებს.
ინტერნეტ - გამოცემის გამოცემის ცნობით, წარმომადგენლობის გახსნას
ესწრებოდა გერმანიაში რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის
ხელმძღვანელი, სერგეი ნიკიტინი, გერმანიის ბიზნეს-წრეების ცნობილი
წარმომადგენლები, მეცნიერები, ბუნდესტაგის დეპუტატები, ჟურნალისტები
და საზოგადოების წარმომადგენლები. აფხაზეთი დელეგაციის მხარდასაჭერად
აღნიშნულ ღონისძიებაზე მივიდა ,,გერმანიაში აფხაზეთის საგარეო საქმეთა
სამინისტროს სრულუფლებიანი წარმომადგენელი, გერმანიაში მცხოვრები
ხილვა ამიჩბა“.
მასალის გამოყენების პირობები