წალენჯიხის სოფელ მუჟავაში სამეგრელო- აფხაზეთის ე.წ. საზღვართან
გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი მესაზღვრეა. გავრცელებული
ინფორმაციით, იგი
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეორე სამმართველოს
წვევამდელი იყო.
სოფელ მუჟავაში გამგებლის წარმომადგენლის მამუკა ჩხაპელიას
ინფორმაციით, საზღვართან მდგომ ერთ-ერთ მესაზღვრეს იარაღი გაუვარდა,
რამაც მეორე ჯარისკაცი იმსხვერპლა.
"მე როგორც მითხრეს, ერთ-ერთ ჯარისკაცს შემთხვევით გაუვარდა ტყვია,
რამაც იმსხვერპლა იქვე მდგომი სხვა სამხედრო მოსამსახურე. დაზუსტებით
ვერაფერს ვიტყვი, სხვა ვერსიებიც არსებობს, თუმცა ამ ეტაპზე მე ეს
ინფორმაცია მაქვს", - უთხრა რადიო
"ათინათს" ჩხაპელიამ.
დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის
რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა, თუმცა, საავადმყოფოს სამედიცინო
მენეჯერის ნიკა ჭეჟიას თქმით, დაჭრილი საავადმყოფოში შემოყვანამდე
გარდაცვლილი იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც
სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები