მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერი,
რომელიც ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს,
დასრულდა. მასში მონაწილეობა სამმა სამშენებლო კომპანიამ მიიღო,
რომელთაგან უმცირესი ფასი - 8 819 683 ლარი „დაგიმ“ დააფიქსირა.
წინადადებების მიღება 6 ოქტომბერს დაიწყო და 7 ნოემბერს შეწყდა. ამ
ეტაპზე შერჩევის პროცედურები მიმდინარეობს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ლანდშაპტური იერსახის
გაუმჯობესების გარდა, გათვალისწინებულია სხვადასხვა სამშენებლო
სამუშაო, მათ შორის, შენობა-ნაგებობების, საზოგადოებრივი
საპირფარეშოს, შიდა წყალსადენების, კანალიზაციის მოწყობა და სხვა.
მებაღის სახლი
დენდროლოგიური
ნაწილი
ჩატარებული საველე კვლევის თანახმად, ბაღში
ზოგიერთი სახეობის ხეები გადაბერებულია და მისი დატოვება
მიზანშეზონილი აღარ არის. დეკორატიული ღირსების მქონე 112 ხე კი
ქვიშა-ცემენტის ნარევით დამუშავებას-ამოქოლვას საჭიროებს. 500
ხე-მცენარე უნდა გაიწმინდოს ხმელი ტოტებისაგან, ხოლო გადანაჭრები
უნდა დამუშავდეს საღებავით.
კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში
მოუვლელობის გამო, გავრცელებულია ბაღისათვის გამოუსადეგარი
მცენარეების ხშირი თვითნათესი ნათესარები, რომლებიც უნდა ამოიძირკვოს.
ასევე, უნდა ამოიძირკვოს სარეველები, რომელიც 20 ჰა-ზეა
გავრცელებული.
სპეციალისტების მტკიცებით, მთლიანად შესაცვლელია ბაღის ძირითადი
სავალი ნაწილის 1 900 გრძივ მეტრზე ადრე გაშენებული კოლხური ბზის
ბორდიური, რადგან ის უკიდურესად დაზიანებული და
დაავადებულია.
დაავადებული ბზა (ფოტო: ზუგდიდის
მერია)
ამავე დოკუმენტის მიხედვით, 3 ჰა-ზე უნდა ამოიძირკვოს მურყანის ხშირი
თვითნათესი კორომი და დეკორატიული მცენარეული სახეობებით შეიცვალოს.
ხეების 30-35% გასაწმენდია სუროსაგან.
ახალი ბორდიურის გასაშენებლად კი დაგეგმილია დავადებისა და მავნებლის
მიმართ გამძლე, მაღალდეკორატიული ღირსების მქონე მცენარეების დარგვა.
ბაღში არსებული ტბის ირგვლივ უნდა დაირგას მტირალა ტირიფის 10
ეგზემპლარი.
ასევე, ჩასატარებელია მცენარეთა სრული პასპორტიზაციისა და
ეტიკეტირების სამუშაოები, აღსადგენია არსებული კლუმბები და
შესაქმნელია ყვავილნარის ახალი ჯგუფები.
ჰორტენზია
2000 მ 2 ფართობზე შესაქმნელია სანერგის დამხმარე და თანამედროვე
სასათბურე მეურნეობის მოწყობა.
სანერგე მეურნეობა
გარდა ამის, აუცილებელია ბაღის მთელ ტერიტორიაზე (25.6 ჰა) სხვადასხვა
სახეობის მაღალდეკორატიული ხისა და ბუჩქის გაშენება, მათ შორის, 80%
მარადმწვანე ხე-მცენარე უნდა იყოს.
დიდყვავილა აბელია
რეკომენდირებულია შემდეგი მცენარეების დარგვა: ნეკერჩხალი, კვიპაროსი,
დიდყვავილა მაგნოლია, სამეფო გვიმრა, ვარდი, გიგანტური ტუია, ურთხელი,
ჰორტენზია (ცისფერი), კამელია ოლიფერა და სხვა.
ნეკერჩხალი
ინსფრასტრუქტურული ნაწილი
სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში, დაგეგმილია ადმინისტრაციული
შენობის რეაბილიტაცია, რომელიც სხვადასხვა მასალის დემონტაჟს და
ახლიდან მოწყობას ითვალისწინებს. შენობის პირველ სართულზე მოეწყობა
საგამოფენო და საკონფერენციო დარბაზები, ასევე ექსპოზიციის სათავსო,
დაცვის ოთახი და საპირფარეშოები. მეორე სართულზე განთავსდება
ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ოფისი, სამეცნიერო კაბინეტი,
ჰერბარიუმის საგამოფენო სივრცე, სტუდენტების სამეცადინო ოთახი და
სხვ.
მებაღის სახლის რეაბილიტაციაც სხვადასხვა ნაწილის დემონტაჟსა და
ახლიდან მოწყობას გულისხმობს.
რეაბილიტირდება სათბური, საჯინობო და ჯვარედინი სასახლე, რომლის
მხოლოდ პირველი სართულის ნანგრევებია შემორჩენილი. სარეაბილიტაციო
სამუშაოები მიზნად ისახავს შენობის პირვანდელი სახის დაბრუნებას, რაც
ბუხრის, იატაკისა და ჰოლის პირვანდელი სახის აღგენას გულისხმობს.
საზოგადოებრივი ტუალეტები ბოტანიკურ ბაღში სამ სხვადასხვა ადგილას
განთავსდება.
სალარო და დაცვის ჯიხური განკუთვნილია ბაღის დაცვისა და ბოტანიკური
ბაღის ბილეთების გამყიდველებისათვის. ამასთან, მოეწყობა ორი შენობა -
ერთი აღმოსავლეთ კარიბჭესთან და მეორე დასავლეთ კარიბჭესთან.
ასევე, კეთილმოწყობა მოიცავს ხელოვნური წყლის ტბორის, ღია წყლის
არხების, პარკის სკამებისა და ნარჩენების ყუთების
მოწყობა-დამონტაჟებას, აგრეთვე ბაღის აღმოსავლეთით, დასავლეთით,
ჩრდილოეთითა და სამხრეთით შესასვლელი კარიბჭეების დაყენებას.
პროექტის დონორი მსოფლიო ბანკია და მისი ღირებულება თითქმის 10
მილიონი ლარია. ბოტანიკური ბაღის სრული აღდგენა 18 თვეში უნდა
დასრულდეს.
მასალის გამოყენების პირობები