ზუგდიდის საცხენოსნო კლუბმა „ხარება“ აბაშის იპოდრომზე გამართულ დოღში
სამი საპრიზო ადგილი მოიპოვა. 2500 მეტრიან დისტანციაზე სუფთა სისხლის
ცხენების შეჯიბრში პირველი ადგილი „ფაზისმა“, ხოლო მესამე ადგილი
„ხარებამ“ დაიკავა. 1500 მეტრიან გარბენში კი პირველი ადგილის
მფლობელი „შავი ბრილიანტი“ გახდა .
საქართველოს პირველობისთვის გამართულ ამხანაგურ ტურნირში ქვეყნის
სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულმა ცხენოსნებმა მიიღეს
მონაწილეობა.
“ეს ძალიან ღირსეული გამარჯვებაა, მთელი საქართველოს საცხენოსნო
კლუბები მონაწილეობდნენ და მოლოდინი იყო ძალიან დიდი. ორივე
კატეგორიაში პირველი ადგილი მოვიპოვეთ.ყოველი შეჯიბრი ჩვენთვის დიდი
გამოწვევაა და ძალიან მიჭირს გადმოგცეთ, როგორ ემოციებთან არის ეს
ყველაფერი დაკავშირებული. ძალიან გვინდა დაბრუნდეს ცხენოსნობის ის
გამორჩეულ სულისკვეთება, ტრადიცია, რომელითაც გამოირჩეოდა ჩვენი
მხარე. “ - თქვა რადიო „ათინათთან“ საცხენოსნო კლუბის დამფუძნებელმა
მამა იაკობ ეხვაიამ.
მანამდე, მისივე თქმით, ჩემპიონმა ცხენმა „ფაზისმა“ ბაქოში გამართულ
დორში, სეზონის დახურვასთან დაკავშირებულ ტურნირშიც გაიმარჯვა.
ცნობისთვის, მამა იაკობ ეხვაიამ საცხენოსნო კლუბი ჭითაწყარის
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის „ხარების“ ტაძრის ეზოს მიმდებარე
ტერიტორიაზე საკუთარი სახსრებით მოაწყო. სასულიერო ცხოვრების
პარალელურად ის ცხენებს უვლის და კლუბის განვითარებაზე ზრუნავს.
„ხარებას“ ორი მთავარი მიზანი აქვს - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე
ბავშვთა მკურნალობა - სამედიცინო რეაბილიტაცია და კლუბში სპორტული
ცხენოსნობით დაინტერესებული ბავშვებისა და მოყვარულთა მიღება.
მასალის გამოყენების პირობები