წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული
ჭრილობის შედეგად დაღუპული წვევამდელის ოჯახს გამოძიებასთან
დაკავშირებით ეჭვები აქვს. ამის შესახებ
რადიო
„ათინათს“ ოჯახის ადვოკატმა როლანდ შონიამ
განუცხადა.
მისი ინფორმაციით, საქმეში არსებულ ჩვენებებსა და სხვა მასალებში
ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოებები იკვეთება.
„ჩვენებაში ბრალდებული ამბობს, ჩემდაუნებურად გადავტენე, არ ვიცი
როგორ გავმოვკარი სასხლეტს ხელი, უეცრად გამივარდა, ვერც აღვიქვი,
როგორ... ასევე ამბობს, რომ ხელები დაბანილი აქვს. ჩნდება კითხვა,
რატომ არ დაკითხეს 20 საათამდე ეს პირი, მაშინ, როცა,
გამოძიების ვერსიით, გასროლა 13:30სთ-დან 14:00-მდე მოხდა. ასევე,
კითხვა გვაქვს, რატომ არ არის ამოღებული დენთის კვალი, რატომ მიეცა
უფლება, რომ დაებანა ხელები და დენთის კვალი, როგორც მტკიცებულება,
გამქრალიყო. შეუსაბამობებია დროსთან დაკავშირებითაც“, - უთხრა
რადიო „ათინათს“ შონიამ.
მისივე განმარტებით, ოჯახი მიიჩნევს, რომ გამოძიება ხელს კონკრეტულ
პირს აფარებს და კატეგორიულად მოითხოვს მის დასჯას. გარდა ამისა,
იარაღი, რომლიდანაც გაისროლეს არა ბრალდებულის, არამედ ოფიცრის
საკუთრება იყო.
„გამოძიების ვერსია თუ მართალია, როგორ შეიძლებოდა მათი ასე
უმეთვალყურეოდ დატოვება“, - თქვა შონიამ.
ოჯახის ადვოკატმა საქართველოს მთავარ პროკურორს ოფიციალური წერილით
მიმართა და საქმის გამოძიების სხვა კუთხით წარმოების დაწყება
მოითხოვა. როლანდ შონიას მტკიცებით, აღნიშნულ საქმეში სიცოცხლით
გაუფრთხილებლობით მოსპობაზე ბევრად მძიმე დანაშაული და მეტი ადამიანის
მონაწილეობა იკვეთება.
წალენჯიხის სოფელ მუჟავაში ახალგაზრდა მამაკაცი სამეგრელო-აფხაზეთის
ე.წ. საზღვართან 26 ოქტომბერს გარდაიცვალა. პროკურატურის ინფორმაციით,
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა
დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა მეორე სამმართველოს
ტერიტორიაზე, აღნიშნული სამმართველოს სწრაფი რეაგირების მე-2 ასეულის
მოსამსახურემ დ. ჯ. - მ, ამავე სამმართველოს ოცეულის მოსამსახურეს -
ა. კ. - ს სახელზე რიცხული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით,
გაუფრთხილებლობით მოუსპო სიცოცხლე ამავე სამმართველოს სამხედრო
მოსამსახურეს ბ. რ. - ს. 27 ოქტომბერს დ.ჯ. დააკავეს, მეორე დღეს
კი მას ბრალი სს კოდექსის 116-ე მუხლით წარედგინა და აღკვეთის
ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, უწყების ცნობით, საქმეზე
გამოკითხულია ათობით მოწმე, დათვალიერებულია შემთხვევის ადგილი და
ამოღებულია საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები. გამოძიების
მიერ მოპოვებულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ხოლო
დანიშნულია კომპლექსური ბალისტიკური და ქიმიური ექსპერტიზა. გამოძიება
გრძელდება.
ამავე თემაზე:
მუჟავაში
მესაზღვრის გარდაცვალების საქმეზე ჯარისკაცები დაიკითხნენ
მასალის გამოყენების პირობები