დაკეტილი კარი ბაღის ადმინისტრაციამ 4 წლის გოგონასთვის დღეს, მორიგი
საახალწლო ზეიმის დროს გააღო. გუშინდელ ინციდენტს ბაღის
ადმინისტრაცია გაუგებრობას უწოდებს და იმეორებს, რომ ბავშვსა და
მშობელს სხვა ორი კარით შეეძლოთ დარბაზში შესვლა, თუმცა არ აღიარებს,
რომ ვერ გაითვალისწინა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი: აუტისტური
სპექტრის აშლილობის მქონე 4 წლის გოგონა ოთახში, სადაც ღონისძიება
იმართებოდა, ჩვეულებრივ დღეებში მხოლოდ ერთი, მისთვის ნაცნობი კარიდან
შედიოდა ხოლმე. გუშინ მას სწორედ ეს კარი დახვდა დაკეტილი.
„ეს არ არის მოქმედი კარი. სხვა ორი კარიდან ნებისმიერ დროს შეეძლოთ
რომ შემოსულიყვნენ. ახლაც ხომ ხედავთ, რომ ბავშვი ზის და გვერდითა
ოთახიდან უყურებს ზეიმს. ის არ შევა იქ მანამ, სანამ ამდენი ხალხი
იქნება“, - უთხრა ჟურნალისტებს ბაღის გამგემ ინეზა ზაქარაიამ.
გამგის პასუხად მშობელი თეა ანჩაბაძე ამბობს, რომ მისი ქალიშვილითვის
დარბაზი, სადაც ღონისძიებები იმართება, სხვა დღეებში მუდამ ღიაა. მისი
თქმით, ბავშვს ეს დარბაზი განსაკუთრებით, იმიტომ უყვარს, რომ იქიდან
ხშირად მუსიკის ხმა ისმის.
„როგორც კი შემომყავს მის ოთახში, იმ კარებისკენ გარბის, რადგან იქ
მუსიკის გაკვეთილები ტარდება და მას ეს ძალიან მოსწონს. ამ
შემთხვევაშიც ჩაკეტილი კარებისკენ გაიქცა, იქიდან ზეიმის ხმა ისმოდა,
მაგრამ დაკეტილი დახვდა“, - ამბობს ანჩაბაძე.
ზუგდიდის მერი მომხდარს დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე გამოეხმაურა.
ის ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ დარბაზში შესასვლელი სხვა
კარები ღია იყო, ბავშვი იქ სწორედ იმ კარით უნდა შესულიყო, რომელიც
დაკეტილი დახვდა.
„ვიცით, რომ აუტისტი ბავშვია და ის კონკრეტული კარიდან უნდა
შესულიყო“, - აღნიშნა მერმა.
ზუგდიდის მე-15 საბავშვო ბაღის ერთ-ერთი აღსაზრდელის, აუტისტური
სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვის მშობლის თეა ანჩაბაძის მტკიცებით,
მისი შვილი და სხვა, ასევე აუტისტი ორი ბავშვი, ღონისძიებაზე იმ
მიზეზით არ დაუშვეს, რომ შესაძლებელი იყო, მათ ზეიმი ჩაეშალათ. ამის
შესახებ პოსტი მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ანჩაბაძე ამბობს, რომ
სამსახურიდან არავის გაშვებას არ ითხოვს, თუმცა თვლის, რომ ფაქტი
რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს.
საპირისპიროს ამტკიცებს ბაღის გამგე ინეზა ზაქარაია. მისი თქმით,
კარის ჩაკეტვის მიზეზი დეკორაციები იყო და კატეგორიულად უარჰყოფს იმ
ფაქტს, რომ ბავშვები ზეიმზე შეგნებულად არ შეუშვეს. ზაქარაიას თქმით,
სამივე მათგანის ზეიმში ჩართვა შემდეგ ღონისძიებაზე იყო
დაგეგმილი.
ქალაქის მერის ლაშა გოგიას დავალებით, აღნიშნულ ბაღში დღეს აუდიტი
შევიდა. მერიაში აცხადებენ, რომ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში,
ინციდენტში მონაწილე ყველა პირი პასუხს კანონის წინაშე აგებს.
ამავე თემაზე:
გოგია: ვიცით
აუტისტი ბავშვი და სწორედ იმ დაკეტილი კარიდან უნდა შესულიყო
(ვიდეო)
ზუგდიდის მერის
დავალებით მე-15 ბაღში აუდიტი შევიდა (ვიდეო)
ბაღის ინციდენტთან
დაკავშირებით ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი მერს მიმართავს
ბაღში, სადაც ინციდენტი
მოხდა, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის სპეცჯგუფია
გახსნილი
მე-15 საბავშვო ბაღის გამგე ზუგდიდის მერიაში
დაიბარეს (ვიდეო)
მშობელი: ჩემი აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე შვილი
ბაღში ზეიმზე არ შეუშვეს
მასალის გამოყენების პირობები