თაღლითობის ბრალდებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
ანტიკორუფციული სააგენტოს
თანამშრომლებმა მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის
მაღალჩინოსანი დიმა წ. დააკავეს, ხოლო საკუთრების უფლების
აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის“ წევრები დანაშაულში ამხილეს.
„დაკავებულები არიან აღნიშნული კომისიის თავმჯდომარე, ამასთანავე,
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ქონების
მართვისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსი გოჩა ხ; კომისიის
თავმჯდომარის მოადგილე, ამასთანავე, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის
სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსი როლანდ წ; კომისიის
წევრი, ამასთანავე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული
განყოფილების უფროსი გოგი ძ; კომისიის წევრი, ამასთანავე, მარტვილის
მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და არქიტექტურის
განყოფილების უფროსი ვაჟა გ; ააიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის
კეთილმოწყობის ცენტრის სპეციალისტი ჯონი ჯ; საკუთრების უფლების
აღიარების კომისიის ყოფილი მდივანი ამბროსი ჭ; კომისიის წევრი,
ამასთანავე, სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო
სვანეთის მომსახურების ცენტრის სპეციალისტი ვლადიმერ წ.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დიმა წ-მ მარტვილის მუნიციპალიტეტის
მერიასთან არსებული „მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ
მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილი
მუდმივმოქმედი კომისიის“ წევრებს გაანდო თავისი დანაშაულებრივი
განზრახვა და სთხოვა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით
დახმარებოდნენ მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლებაში, რაზეც კომისიის
წევრებისაგან თანხმობა მიიღო. დიმა წ. კომისიის წევრების დახმარებით
და კომისიის მიერ 2017 წლის 11 აპრილს გაცემული საკუთრების უფლების
მოწმობის საფუძველზე მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა
მარტვილის რაიონის სოფელ გაჭედილში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში
არსებულ 1044.4 კვ.მ მიწის ფართობს, რითაც სახელმწიფოს მიადგა
მნიშვნელოვანი ზიანი 7 830 ლარის ოდენობით“, - ნათქვამია უწყების
განცხადებაში.
მათივე ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს თაღლითობის ფაქტზე, რამაც
მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და სამსახურებრივი მდგომარეობის
გამოყენებით თაღლითობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2
ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3
ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული
სააგენტო აწარმოებს.
ამავე თემაზე:
მარტვილის მერიის ერთ-ერთი თანამშრომელი დააკავეს
მასალის გამოყენების პირობები