წუხელ ღამით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმში 40 წლამდე
მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს.
ის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მრავლობითი ჭრილობებით გადაიყვანეს.
მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტს ჭრილობები ყელის და კუნთები არეში
ჰქონდა მიყენებული და მისი მდგომარეობა სიცოცხლესთან შეუსაბამო იყო.
მამაკაცი საავადმყოფოში შეყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით,
განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1963 წელს დაბადებული რ.ჯ.
დააკავეს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 6 აგვისტოს,
ღამით, ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯუმში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე
ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა 1978 წელს დაბადებულ შ.დ.-ს.
სამართალდამცველებმა რ.ჯ. ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის
ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო“, - აღნიშულია უწყების
მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით
მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები