ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში გუშინ ძლიერი წვიმის შედეგად
პრობლემები შეიქმნა. განსაკუთრებულად კი ლეფეტერეს უბანი დაზიანდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, უბანში წვიმის შედეგად ადიდებულმა ღელემ
ჩარეცხა შიდა საუბნო გზები.
„ბოგირები წაიღო, ჩემს სახლშიც შემოვიდა სახლი. აღმართზე ასვლა უჭირთ
მსუბუქ მანქანებს, გუშინ აქ არავინ მოსულა, ჩვენი ძალებით ვცდილობდით
გამკლავებას. ეს არ არის პირველი შემთხვევა, ყოველი ძლიერი წვიმის
დროს ასე ხდება, მაგრამ ყურადღებას არ გვაქცევენ“, - უთხრა რადიო
„ათინათს“ ერთ-ერთმა ადგილობრივმა გიორგი
ფეტელავამ.
ზუგდიდის მერიაში კი გვითხრეს, რომ აღნიშნული პრობლემის შესახებ
ინფორმირებულები არიან და სტიქიის ყველა ზონაში შესაბამისი
სამსახურები გადიან. რაც შეეხება იმას, რომ ლეფეტერეს უბანი ძლიერი
წვიმის დროს მუდმივად განსაკუთრებულად ზარალდება, მერიაში ამბობენ,
რომ აღნიშნული პრობლემის აღმოსაფვხრელად იმუშავებენ.
ძლიერმა წვიმამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სხვა სოფელიც
დააზარალა. ნარაზენში ჩამოირეცხა შიდა საუბნო გზები, ჯიხაშკარში კი
რამდენიმე საკარმიდამო ნაკვეთი დაიტბორა. პრობლემები შექმნა წყალმა
გრილოგიშსა და ცაცხვშიც.
ცაცხვისა და ცაიშის ცენტრალურ გზაზე წუხელ ავტომობილებით მოძრაობა
შეზღუდული იყო რამდენიმე საათით. ადგილზე მუშაობდნენ საგანგებო
სიტუაციების მართვის სამსახურის, საპატრულო პოლიციის, კეთილმოწყობისა
და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები, რის შემდეგაც
მოძრაობა აღდგა.
ფოტო: გიორგი ფეტელავა
ამავე თემაზე:
სამეგრელოდან
საგანგებო სიტუაციების სამსახურში დღეს 9 შეტყობინება შევიდა
მასალის გამოყენების პირობები