ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილმა მერმა ლაშა გოგიამ და მისმა მოადგილემ, რომლებიც დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე არიან დაკავებული, თბილისის საქალაქო სასამართლოს
გადაწყვეტილება, წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ, სააპელაციოში გაასაჩივრეს. დაკავებულების უფლებადამცველების ინფორმაციით, სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია, რადგან არ არსებობს მიმალვის ან მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე. ადვოკატებმა სასამართლოს ბრალდებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლების სანაცვლოდ გირაოს სახით 20 000- 20 000 შესთავაზეს.
" ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან, არ არის მიმალვის და მოწმეზე ზემოქმედების საფრთხე, რადგან ერთ თვეზე მეტია რაც გამოძიება მიმდინარეობს და არ უცდია მოწმეებზე არანაირი ზემოქმედება და ხელის შეშლა გამოძიებისთვის. შესაბამისად გავასაჩივრეთ ეს განჩინება. ძირითადი მოთხოვნა არის ის , რომ არ იქნეს გამოყენებული, მის მიმართ აღმკვეთის სახით პატიმრობა და გირაოს სახით გათავისუფლდეს დაუყოვნებლივ. სასამართლოს გირაოს სახით 20 000 ლარის ვთავაზობთ ", - თქვა ლაშა გოგიას ადვოკატმა ბადრი მამულაძემ.
მიმალვის საფრთხეს გამორიცხავს ყოფილი ვიცე მერის გია გულორდავას ადვოკატი ზაქარია გვიშიანიც.
"შევთანხმდით, რომ უნდა გაგვესაჩივრებინა, ჩემი მხრიდან მომზადებული იყო სააპელაციო საჩივარი და გუშინვე ჩავაბარეთ საჩივარი და გავასაჩივრებთ სააპელაციო წესით. სასამართლოს გირაოს სახით 20 000 ლარის ვთავაზობთ",- თქვა გვიშიანმა.
ზუგდიდის ყოფილი მაღალჩინოსნები დიდი რაოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით პირველ ნოემბერს დააკავეს. არცერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს.
ამავე თემაზე:
ლაშა გოგიას ადვოკატი მისი პატიმრობის გადაწყვეტილებას დღეს გაასაჩივრებს
მასალის გამოყენების პირობები