"სამწუხაროდ, სამეგრელოში უფრო ხშირად უნდა ვიყო და ამის საშუალება უნდა მქონდეს", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ზუგდიდში ყოფნისას განაცხადა.
მან დღეს კიდევ რამდენიმე შეხვედრა გამართა.
"მთავრობის სხვა წევრებიც უფრო ხშირად უნდა იყვნენ და ამას ძალიან მარტივი ახსნა აქვს. სამეგრელო მნიშვნელოვანი კუთხე და რეგიონია. პირველ რიგში, ამას განაპირობებს საოკუპაციო ხაზი, რომელიც სულ რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. ამ კონტექსტიდან გამომდინარე, ის, რომ ეს არჩევნები მშვიდ, ღია და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. სხვა რეგიონებთან შედარებით აქ უფრო ხშირად მიწევს ყოფნა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ აქაური ჟურნალისტები უფრო მობილიზებული და ეფექტურები ხართ. სხვები ვერ ასწრებენ ასე სწრაფად ჩემს დაფიქსირებას", - განაცხადა გახარიამ.
მინისტრის განმარტებით, მისი სამეგრელოში ხშირი ჩამოსვლა არჩევნებს არ უკავშირდება და ის მხოლოდ იმ ყურადღების კომპენსირებას ემსახურება, რაც ამ რეგიონს აკლდა.
"გპირდებით, რომ არჩევნების დასრულების შემდეგაც უფრო ხშირად ვიქნები აქ. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრებს, სრულიად შემთხვევით მოვხვდი მონადირეებთან შეხვედრაზე და ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ამ ტურბულენტურ ისტერიულ გარემოში ვნახე წყნარი და მშვიდი ადამიანები, რომლებსაც თავიანთი პროფესიის გარდა გააჩნიათ მშვენიერი ჰობი. ეს იყო ძალიან მომხიბვლელი და სასიამოვნო. სიმართლე გითხრათ, ცოტა დავისვენე კიდეც",- აღნიშნა გახარიამ.
გიორგი გახარია უკვე რამდენიმე კვირაა, ზუგდიდში შეხვედრებს მართავს. ის რამდენჯერმე შეხვდა სამეგრელოს მუნიციპალიტეტების მერებს, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს.
ამავე თემაზე:
გიორგი გახარია ზუგდიდში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს დღესაც შეხვდა
მასალის გამოყენების პირობები