საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, კერზაიას გარდაცვალება მძიმე ტვირთია, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებს დაედო.
არჩევნებს დაედო ძალიან მძიმე ტვირთი მასწავლებელი ქალბატონის ია კერზაიას გარდაცვალებით. ჩვენი საარჩევნო პროცესის დროს არავინ არ უნდა კვდებოდეს. არ უნდა გვქონდეს არჩევნები,რომლის შედეგად ჩვენთვის ყველაზე სათაყვანებელი საზოგადოების წევრი, ადამიანი, ვისაც ვანდობთ ჩვენი შვილების აღზრდას, გარდაიცვლება", - აღნიშნა მარგველაშვილმა.
ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის გარდაცვალებაში განათლების სამინისტროს ადანაშაულებს და შესაბამის ორგანოებს გამოძიების დაწყებას სთხოვს.ია კერზაია გუშინ დილით ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გარდაიცვალა. ის საავადმყოფოში ინსულტის დიაგნოზით მოათავსეს. კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა, რომელსაც, მისი მტკიცებით, კერზაია ხელისუფლებისგან განიცდიდა.
აღნიშნულ სკოლაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამსახური გასული თვის შუა რიცხვებში შევიდა. უწყების ინფორმაციით, სკოლაში მთელი რიგი დარღვევები გამოვლინდა, რომელთა შორის არის როგორც ადმინისტრაციული, ასევე ფინანსური გადაცდომები. თავად დირექტორი, ია კერძაია გენინსპექციის შესვლას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებდა და სამართლებრივად ბრძოლას აპირებდა. განათლების მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ კი აღნიშნა, რომ სკოლას პოლიტიკაში რთავენ. აბულაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სამინისტროს დირექტორი არ გაუთავისუფლებია და ინსპექტირების შემდეგ დასკვნა მოამზადა.
ამავე თემაზე:
ინტელექტკლუბის წევრები და უმრავლესობის დეპუტატები კერზაიას საქმეზე გამოძიების ჩატარებას ითხოვენ
მასალის გამოყენების პირობები