„არცერთ კითხვაზე არ მომსვლია სრულყოფილი პასუხი. მივლინების ხარჯებზე, რომლის ვალდებულება აქვთ, რომ გასცენ საჯარო ინფორმაცია, მომწერეს, რომ ეს ინფორმაცია არ გაიცემა. კონკრეტულ კითხვებზე გამცეს ზოგადი პასუხი და რაც მთავარია, იმ დოკუმენტის გამოთხოვისას, რომლის საფუძველზეც თითქოს შევიდა ინსპექტირება მეექვსე სკოლაში, გამომიგზავნეს ცარიელი ფურცელი“, - გვითხრა შენგელიამ.
ბაჩანა შენგელია დედის გარდაცვალებაში განათლების სამინისტროს ადანაშაულებს და შესაბამის ორგანოებს გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს. ია კერზაია 9 დეკემბერს დილით ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გარდაიცვალა. ის საავადმყოფოში ინსულტის დიაგნოზით მოათავსეს. ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა, რომელსაც, მისი მტკიცებით, კერზაია ხელისუფლებისგან განიცდიდა.
აღნიშნულ სკოლაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამსახური გასული თვის შუა რიცხვებში შევიდა. უწყების ინფორმაციით, სკოლაში მთელი რიგი დარღვევები გამოვლინდა, რომელთა შორის არის როგორც ადმინისტრაციული, ასევე ფინანსური გადაცდომები. თავად დირექტორი, ია კერძაია გენინსპექციის შესვლას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებდა და სამართლებრივად ბრძოლას აპირებდა. განათლების მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ კი აღნიშნა, რომ სკოლის პოლიტიკაში ჩათრევას ცდილობენ. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ სამინისტროს დირექტორი არ გაუთავისუფლებია და ინსპექტირების შემდეგ დასკვნა მოამზადა.
ამავე თემაზე:
ია კერზაიას საქმის განხილვა პარლამენტში ისევ გადაიდო
მასალის გამოყენების პირობები