აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლის ალექსანდრე ჩიკვაიძის ინფორმაციით, ოკუპირებული ტერიტორიიდან ენგურის ხიდზე გადმოსვლა ე.წ. ღორის გრიპის გამო შეიზღუდა.
ჩიკვაიძემ რადიო
"ათინათს" უთხრა, რომ ამ დროისთვის ოკუპირებული ტერიტორიიდან მხოლოდ ენგურჰესის თანამშრომლებსა და იმ ადამიანებს უშვებენ, ვინც აფხაზეთში სპეციალური მიწვევით იმყოფებოდა.
"აქეთ, ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ნებისმიერი სხვა პირისთვის ე.წ. საზღვარი ჩაკეტილია, იქეთ კი ჩვეულებრივად უშვებენ მათ, ვისაც "აფხაზური პასპორტი" აქვთ". ხალხი არ გადადის, რადგან ეშინიათ, რომ მერე აღარ გადმოუშვან, - თქვა ჩიკვაიძემ.
ენგურის ხიდზე დღეს დილიდან მოქალაქეები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ვერ ახერხებენ. მათი ინფორმაციით, ადმინისტრაციულ საზღვარზე რიგებია, თუმცა მოსახლეობას ე.წ. მესაზღვრეები ეუბნებიან, რომ საქართველოში გავრცელებული ღორის გრიპის გამო კარანტინია გამოცხადებული და ენგურის ხიდს 25 იანვრამდე ვერ გადაკვეთენ.
ამავე თემაზე:
ენგურის ხიდზე მიმოსვლა შეიზღუდა (ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები