ზუგდიდის მერიის მუნიციპალური ქონების სერვისების მართვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის თენგიზ ქობალიას მხარდასაჭერად ზუგდიდში აქცია-მსვლელობა
დაიწყო.
ქობალიას მეგობრებმა და მხარდამჭერებმა ავტომანქანებით მსვლელობა ყოფილი ავტოსადგურის შენობასთან დაიწყეს და ის სამხარეო ადმინისტრაციასთან დასრულდება.
მათ ავტომობილების კოლონაზე ქობალიას გამოსახულებით პლაკატები მიამაგრეს, რომელთაც აწერია "თავისუფლება თენგოს, ჩვენ 8 000-ზე მეტი ვართ".
"ხვალ არის საქმის არსებითი განხილვა ამიტომ დღეს ვაწყობთ სოლიდარობის აქციას. ჩვენი ერთადერთი მოთხოვნაა, რომ პატიმრობა შეიცვალოს გირაოთი",- ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ხატია ჯანაშია.
ქობალიას მხარდასაჭერად აქცია ზუგდიდში რამდენჯერმე გაიმართა.
მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც ბრალს არ აღიარებს, 24 დეკემბერს საკუთარ კაბინეტში დააკავეს. გამოძიება მას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. სუს-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ იგი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ლაშა გოგიას და ვიცე-მერის გია გულორდავას მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი შეიტყო და აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ აცნობა. ქობალიას წინასწარი პატიმრობა 25 დეკემბერს შეეფარდა.
ამავე თემაზე:ზუგდიდის მერიასთან ყოფილი მაღალჩინოსნის სოლიდარობის აქცია გაიმართა (ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები