ოკუპირებულ აფხაზეთში, ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ნათესავის თამარ ფიფიას ინფორმაციით,
ბოლო წლებში ის მონასტრებში ცხოვრობდა. როგორც ფიფიამ რადიო
„ათინათს“ უთხრა, მას თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა და ამბობს, რომ სავარაუდოდ, კვარაცხელია, რუს სამხედროებს ცემაში შემოაკვდათ.
„ბოლო დროს მონასტერში, იყო, ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობდა. ოჯახის წევრები რომ გარდაეცვალა, მას მერე, ფაქტობრივად აღარავინ ჰყავდა. ყოფილ ცოლსაც, თურმე, წლებია არ უნახავს. მე ბოლოს ერთი წლის წინ ვნახე, ცოტა ხნით ვისაუბრეთ და ისევ მონასტერში წავიდა. გალში რატომ გადავიდა, ვერ ვხვდები, არავინ იქ არ ჰყოლია, სახლიც დამწვარია აჩიგვარაში, არც ახსოვდა იქაურობა, ისეთი პატარა გადმოიყვანეს... გამორიცხულია, თავს არ მოიკლავდა, ამას ვერ დავიჯერებ, შემოაკვდათ, ალბათ, ცემაში“, - გვითხრა ფიფიამ.
ირაკლი კვარაცხელიას ცხედრის გადმოსვენებას ნათესავები დღეს ელოდებიან. ამის შესახებ რადიო
„ათინათს“გარდაცვლილის ბებიის დამ უთხრა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ საღამოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედ ცხელ ხაზზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებულმა საქართველოს მოქალაქემ თავი მოიკლა. თვითმხილველი, რომელიც კვარაცხელიას დაკავებას შეესწრო, ამბობს, რომ კვარაცხელიასა და რუს ე.წ. მესაზღვრეებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. მისი ინფორმაციით, ის ნაბაკევში მაშინ დააკავეს, როდესაც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა უნდოდა. მან რადიო
"ათინათს" უთხრა, რომ ადგილობრივები დარწმუნებული არიან, რომ კვარაცხელია ცემაში შემოაკვდათ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლის თქმით კი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.
ამავე თემაზე:
ირაკლი კვარაცხელიას ნათესავი: ცხედარს დღესვე გადმოასვენებენ
მასალის გამოყენების პირობები