ოკუპირებული ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიას სხეულზე დაზიანებები აქვს.
ამის შესახებ რადიო
„ათინათს“ მისმა ბიძაშვილმა ანი კვარაცხელიამ უთხრა. მისი ინფორმაციით, ცხედრის დათვალიერების შემდეგ სხეულზე ჩალურჯებები და სხვა დაზიანებები აღმოაჩინეს.
„შემიძლია დაზუსტებით გითხრათ, რომ დაზიანებები აქვს, თუმცა დეტალებს ვერ გეტყვით, ყველაფრის თქმა არც არის მისაღები. მაგალითად, ზურგზე, თავთან აქვს დაზიანებები, ჩალურჯებები... დაველოდოთ ექსპერტის დასკვნას და გამოძიებას და ყველა ერთად გავიგებთ, რა მოხდა სინამდვილეში“, - გვითხრა კვარაცხელიამ.
მანამდე დღეს მან ასევე აღნიშნა, რომ არ სჯერა თვითმკვლელობის ვერსიის.
11 მარტს გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გუშინ, 13 მარტს გადმოასვენეს, რის შემდეგაც თბილისში ექსპერტიზა ჩაუტარდა. ახლა ის სენაკში, დევნილთა ჩასახლებაში საკუთარ სახლშია დასვენებული. აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ვერსიით, კვარაცხელიამ თავი დაკითხვის ოთახში მოიკლა. 28 წლის ირაკლი კვარაცხელიას სენაკში, საკუთარი დედის გვერდით კვირას, 17 მარტს დაკრძალავენ.
ამავე თემაზე:
ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი საკუთარ სახლში გადაასვენეს (ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები