შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის
ია კერზაიას საქმეზე ეჭვის საფუძველი არსებობს და მისი სწრაფად გამოძიება ყველას ინტერესშია. ამის შესახებ გახარიამ „ტვ პირველის“ გადაცემა „პირველებში“ განაცხადა. ვიცე პრემიერი ამბობს, რომ, თუკი ამ, მისივე თქმით, ტრაგიკულ შემთხვევაში ვინმე დამნაშავეა, უნდა დაისაჯოს უმკაცრესად, თანამდებობის მიუხედავად. გარდა ამისა, მინისტრი თვლის, რომ ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის ნდობა მით უფრო მეტი იქნება, რაც ნაკლები კითხვა დარჩება პასუხგაუცემელი, მათ შორის, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.
„მე, როგორც მოქალაქეს, მქონდა ინტერესი ამ საქმის მიმართ. როგორც ვიცი, მთავარ პროკურორს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ აქვს აყვანილი ეს საკითხი და ვარ დარწმუნებული, რომ შედეგი დადგება. არსებობს ეჭვის საფუძველი და განათლების მინისტრმა პარლამენტში რამდენჯერმე გასცა კითხვებს პასუხი, თუმცა მის ნაცვლად მე ხომ არ დავხურავ ამ თემას. საქმე აღიძრა და კითხვებს დინამიურად და სწრაფად გაეცემა პასუხი. ვიცი, რომ შვილია დაკითხული და სრულადაა ამ პროცესებში ჩართული. აბსოლუტურად ვიზიარებ სულისკვეთებას, რომ ეს საქმე, ყველას ინტერესშია, სწრაფად იყოს გამოძიებული და სწრაფად არის დასახური. როგორც რიგითი მოქალაქე, ამ სულისკვეთებაში თქვენთან ვარ“, - უთხრა მან გადაცემის წამყვანებს.
გარდა ამისა, მან საპრეზიდენტო არჩევნების დროს სამეგრელოში მის ყოფნაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ არჩევნები რეგიონში მისი „კონტროლის ქვეშ“ არ ჩატარებულა.
„იქ იყო ადგილობრივი ხალხი, ვინც ჩაატარა არჩევნები, მე პროცესში ჩართული ვიყავი, ვეხმარებოდი, თუმცა ისე არ იყო, რომ მე ვაკონტროლებდი სიტუაციას. ეს ჩემი მხარეა და იქ ისე გავაგრძელებ სიარულს, როგორც დავდიოდი“, - აღნიშნა გახარიამ "ტვ პირველის" ეთერში.
მის პოზიციას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა კერზაიას შვილი. ბაჩანა შენგელია არ ეთანხმება გახარიას, რომ საქმის გამოძიება სწრაფად მიმდინარეობს. მისივე თქმით, საქმის, როგორც შენგელია თვლის, ერთ-ერთი „მთავარი მოქმედი პირი“ - განათლების მინისტრი დაკითხული არ არის.
„გამოძიება განსაკუთრებულ კონტროლზე ჰყავს გენერალურ პროკურორსო. ეს სიახლე იყო ჩემთვის, თუ ეს ნამდვილად ასეა. გამოძიება დინამიურად მიმდინარეობსო. არ მიმდინარეობს დინამიურად, მეოთხე თვე გადის ორ კვირაში იას გარდაცვალებიდან და მხოლოდ გამოძიების დასაწყებად ორთვიანი ბრძოლა დაგვჭირდა... ამ ტიპის საქმეების გამოძიებაზე არისო ხელისუფლების მიმართ საზოგადოების ნდობა დაფუძნებული. ამ ნაწილში სრულად ვეთანხმები და დავამატებ, რომ ამ საქმეზე ეფექტური ნაბიჯები არ იდგმება ხელისუფლების არც ერთი შტოს მხრიდან და ნდობაც ნელ-ნელა გვიქრება ჩვენ, იას ოჯახის წევრებს და საზოგადოების დიდ ნაწილსაც“, - წერს შენგელია.
ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს გარდაიცვალა. კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა. ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ამავე თემაზე:საია: ზუგდიდის მეექვსე სკოლაში ინსპექტირების მიზანი, სავარაუდოდ, პოლიტიკური ზეწოლა იყო
მასალის გამოყენების პირობები