ზუგდიდის სოფელ ზედაეწერის საბავშვო ბაღის მასწავლებელს ხუთი წლის ბავშვზე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ. მშობლის თქმით, აღმზრდელის
მხრიდან ეს პირველი შემთხვევა არ არის და ბავშვზე ხელით შეხების ფაქტს თვითონ შეესწრო. მან მომხდარის შესახებ პოლიციას უკვე შეატყობინა.
„პირველი შემთხვევა არ არის. აქამდე დედაჩემი შესწრებია, მაგრამ მან აპატია. ვნახე ჩემს შვილს რომ ანჯღრევდა, ვერ მოვითმინე. ჩემსა და მასწავლებელს შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება. უზრდელი არისო, გაკვეთილს მირევსო. წაიყვანეო, სადაც გინდაო“, - ამბობს თ.გ.
თ.გ აფხაზეთიდან დევნილია და ოთხ მცირეწლოვან შვილთან ერთად ბაღის შენობის პირველ სართულზე ცხოვრობს.
ბაღის გამგე ფატიმა ხუბუა აცხადებს, რომ ბაღში არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია და ყველა კითხვას პროკურატურა გასცემს პასუხს. რადიო "ათინათმა" მასწავლებელთან დაკავშირება ვერ შეძლო.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება შეტყობინების საფუძველზე 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები