ზუგდიდში თეთრი გიორგის ქუჩაზე, რამდენიმე ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი, სავარაუდოდ, წყლით მოიწამლა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ქუჩაზე საკანალიზაციო არხების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რამაც მათი ჭების დაბინძურება გამოიწვია.
მოსახლეობას ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია შეხვდა. მისი თქმით, მანამ, სანამ აღნიშნულ საკითხს შეისწავლიან, სამუშაოების შემსრულებელი კომპანია უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის წყლის მიწოდებას.
ინფექციურ საავადმყოფოში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ ამჟამად მკურნალობას 6 პაციენტი გადის. ამავე ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„თეთრი გიორგის ქუჩიდან შემოყვანილ იქნა ერთი და იგივე სიმპტომებით - გულის რევა, ფაღარათი, ცხელება და ზოგადი სისუსტით 8 ადამიანი. მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ და პაციენტთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში რჩება მხოლოდ 6 პაციენტი“, - ამბობენ ინფექციურ საავადმყოფოში.
ადგილზე იმყოფებოდნენ კომპანიის წარმომადგენლებიც. მათი განმარტებით, ჭის დაბინძურება მათი ბრალი არაა, ხოლო წყალს მოსახლეობას სოლიდარობის გამო მიაწვდიან.
მასალის გამოყენების პირობები