ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში მშენებარე სტადიონის მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოებისთვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა.
შპს „მაქრო ქონსთრაქშენის“ წარმომადგენელმა ზაზა კუჭავამ რადიო
„ათინათს“ უთხრა, რომ პროექტის თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ სათამაშო მოედანზე და ტრიბუნაზე არსებული ბეტონის კედლები უნდა მოარღვიოს და ასევე გამოცვალოს ხელოვნური ბალახის საფარი.
„პროექტში, რომელსაც გავეცანით, ეს პუნქტები გათვალისწინებულია. ჯერჯერობით, ხელშეკრულება ჩვენსა და მუნიციპალური განვითარების ფონდს შორის არ დადებულა, თუმცა, ვვარაუდობთ, რომ დაახლოებით, ორ კვირაში დოკუმენტი მზად უნდა იყოს“, - აღნიშნა კუჭავამ.
ახალი სტადიონის მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოების პროექტირება გასული წლის ზაფხულში დასრულდა. პირველ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები კომპანია "დაგმა" განახორციელა.
მოგვიანებით, ფეხბურთის ფედერაციამ მოედნის დათვალიერების შემდეგ ბეტონის კედლის მორღვევის რეკომენდაცია გასცა, რადგან კედლის არსებობის შემთხვევაში სტადიონი უეფას მესამე კატეგორიის სტანდარტებს არ დააკმაყოფილებდა.
პროექტის საერთო ღირებულება 20 მილიონი ლარია, სტადიონის პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 9 747 000 ლარი, მეორე ეტაპისთვის კი 10 მილიონზე მეტი ლარია გათვალისწინებული. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. სტადიონები და დამხმარე ინფრასტრუქტურა 6,5 ჰექტარ მიწის ფართობს დაიკავებს.
ამავე თემაზე:
მასალის გამოყენების პირობები