პეტრე ცაავა: ვრჩები ეპარქიაში და ველოდები მეუფე გრიგოლის ჩამოსვლას
ჭყონდიდისა და მარტვილის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ამბობს, რომ ეკლესიაში კრიზისული მდგომარეობაა და გაფართოებული სხდომის ჩატარება აუცილებელია.
მისივე თქმით, სხდომას სასულიერო და საერო პირები დაესწრებიან და სანდოობა ბევრად უფრო მეტი იქნება. ჟურნალისტების კითხვაზე დარჩება თუ არა ეპარქიაში, ამბობს რომ ადგილზე რჩება და მის შემცვლელს მეუფე გრიგოლ კაციას დაელოდება.
"მიუხედავად იმისა, რომ დებულების თანახმად, პატრიარქის არჩევის ან რაღაც სხვა დებულების ცვლილების შემთხვევაში ხდება მოწვევა გაფართოებული სხდომისა, მე ვფიქრობ, რომ იმდენად კრიზისული მდგომარეობაა, ერთ-ერთი გამოსავალია ნების შემთხვევაში, რა თქმა უნდა... ამას არ გააკეთებენ. სინოდი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ შეიკრიბა და ხომ ხედავთ, როგორ... მიმაჩნია, რომ გაფართოებული კრება აუცილებელია. გაფართოებულ სხდომას ესწრებიან სასულიერო პირები, საერო ადამიანები და ბევრად უფრო მეტია სანდოობა და ის არის უმაღლესი ორგანო საქართველოს მართადიდებლური ეკლესიის. დღევანდელ განჩინებაში იწერება, რომ სინოდის ორჯერ მოწვევა არის ცოტა, როცა მთელი წლის განმავლობაში პირველად მოვიწვიეთ. ანუ, არაგულწრფელია ეს ყველაფერი... როცა საუბრობ სიყვარულზე, მიტევებაზე, მშვიდობისმყოფელობაზე. ეს სიყვარული, მიტევება და ქრისტიანობა არ იყო? მესამე წელია რაც ციანიდის საქმეზე უდანაშაულო მამაო ზის ციხეში და ვითხოვდი მის მიმართ მეტი მოწყალება გამოგვეჩინა“, - ამბობს პეტრე ცაავა.
მან მარტვილის ტაძარში შეკრებილ სასულიერო პირებს მოუწოდა, რომ არ დაუშვან შეცდომა.
ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს. ამის შესახებ მეუფე პეტრემ სინოდის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს თავად განუცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულის მიზეზი ეკლესიაში მამათმავლობის მხილება გახდა. პეტრე ცაავა აღნიშნულ გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს.
მასალის გამოყენების პირობები