ათონის მთაზე მოღვაწე ზუგდიდელი სასულიერო პირის ადვოკატი ჯიტა გულუას ინფორმაციით, ბერი გ.ქ აღიარებითი ჩვენებით პოლიციაში თავად გამოცხადდა.
ადვოკატის თქმით, მიუხედავად ამისა, ის მაინც დააკავეს, რადგან სამართალდამცავებმა მიიჩნიეს, რომ არსებობს მისი მიმალვის საფრთხე.
"ორი დღის უკან დააკავეს ერთი პიროვნება, რომელიც აცხადებს, რომ ნარკოტიკული საშუალება ეკუთვნის მას. რაც შეეხება მამაოს, ის გუშინ თავად გამოცხადდა პოლიციაში, აღიარებითი ჩვენებით და ამბობს, რომ ეს ნარკოტიკული საშუალება არ ეკუთვნის ამ პიროვნებას და ეკუთვნის მას. იმის მიუხედავად, რომ მან აღიარებითი ჩვენება მისცა, ის დააკავეს, რადგან პოლიციის განმარტებით, არსებობს მისი მიმალვის საფრთხე, რაც გაუგებარია", - ამბობს ჯიტა გულუა.
ის ამბობს, რომ დაკავებული სასულიერო პირი 14 წელია,რაც ბერად არის აღკვეცილი.
"დადებითი წარსულის ბერია და ამ ადამიანმა მსგავსი რომ ჩაიდინა, გაურკვევლობას იწვევს. მე იმასაც ვფიქრობ, მამაომ თავისი ბუნებიდან გამომდინარე, სიცოდვილის ფაქტორით ხომ არ გააკეთა ეს?",- უთხრა გულუამ ჟურნალისტებს.
ზუგდიდში, სავარაუდოდ, დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია ორი მოქალაქე, მათ შორის ერთი სასულიერო პირია. ფაქტზე გამოძიება 260-ე მუხლით დაიწყო,რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვა, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები