თბილისში "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ დღეს დაგეგმილ აქციაზე დასასწრებად ზუგდიდიდანაც გაემგზავრნენ.
პარტიის მხარდამჭერებს საჯარო მოხელეები, ასევე სკოლის პედაგოგები და მერიის ააიპ-ების თანამშრომლებიც შეუერთდნენ. მათი თქმით, ისინი საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად დასახელებას აღნიშნავენ. ნაწილს კი საუბარი არ სურს, ან ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის სანახავად მიდის. საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას თქმით, ზუგდიდიდან დედაქალაქში 5000-მდე ადამიანი მიემგზავრება.
„საქართველო გახდა ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. შესაბამისად "ქართული ოცნების" ახალგაზრდულ ორგანიზაციას ჰქონდა კვირეული, რომელიც სრულდება გრანდიოზული შეკრებით, რომელსაც ზუგდიდიდან 5000-მდე ადამიანი უერთდება. მოქალაქეებმა გამოხატეს დასწრების სურვილი და ჩვენც ვუერთდებით. მიმაჩნია, რომ ეს გახლავთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი ჩვენი ევროსტრუქტურებში გაწევრიანების“,- ამბობს მამუკა წოწერია.
რაც შეეხება გუშინ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის
განცხადებას, რომ დღევანდელ აქციაზე მოქალაქეებს მონაწილების მიღებას აიძულებენ, საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ეს სიცრუეა, რადგან მოქალაქეები ნებაყოფლობით მიდიან. მისივე თქმით, ზუგდიდიდან 200-მდე ტრანსპორტი გავიდა და კიდევ ბევრი მოქალაქე გამოთქვამს წასვლის სურვილს.
მოქალაქეები, რომლებიც აქციაზე გაემგზავრნენ დღეს გამთენიისას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაცხვში შეიკრიბნენ. მათი ტრანსპორტირება პარტიამ უზრუნველყო.
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის ინფორმაციით, 14 დეკემბერს „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი აქციისთვის მოქალაქეთა მობილიზება მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეებზე ზეწოლის ფონზე
მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები