"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე დევნილთა დასახლების ტერიტორიაზე არსებული მძიმე ეკოლოგიური სიტუაციის შესახებ
კვლევა გამოაქვეყნა.
როგორც ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დევნილები ხმაურისა და დაბინძურების პრობლემის მოგვარებას წლებია მოითხოვენ.
კვლევაში განმარტებულია, რომ ხმაურისა და მტვრის გამომწვევი მიზეზი სხვადასხვა საწარმოს საქმიანობაა. მათ შორისაა ფოთის მერთან, გოჩა კურდღელიასთან და “ქართული ოცნებიდან” ფოთის საკრებულოს წევრ აპალონ ბჟალავასთან დაკავშირებული კომპანიები.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” შეფასებით ჯავახიშვილის ქუჩაზე არსებული საცხოვრებელი გარემო არ არის უსაფრთხო, რასაც როგორც ფოთის მერიის, ასევე გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია ადასტურებს. ამავდროულად, ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ იკვეთება ინტერესთა კონფლიქტი ფოთის მერსა და არსებულ პრობლემებს შორის, რაც შესაძლოა, საკითხის გადაჭრის შემაფერხებელი ფაქტორი იყოს.
აღნიშნულის გათვალისწინებით, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" რეკომენდაციაა ფოთში, რამდენიმე ადგილას, მათ შორის სამეწარმეო ზონაში,დამონტაჟდეს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ავტომატური სადგური. გარდა ამისა, ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ასევე სხვა შესაბამისმა უწყებებმა დეტალურად უნდა შეისწავლონ ყველა საწარმოს საქმიანობა და დაადგინონ, კონკრეტულად რა ღონისძიებებია საჭირო გარემოს დაბინძურების თავიდან ასაცილებლად და ხმაურის შესამცირებლად.
"ზემოთ მოყვანილ გარემოებათა გამო, უნდა დაკმაყოფილდეს ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილთა მოთხოვნები და გამოეყოს მათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართები", - ნათქვამია
კვლევაში.
მასალის გამოყენების პირობები