ზუგდიდიდან თბილისის მიმართულებით მოძრავ ავტობუსს ხობის ტერიტორიაზე უცნობმა პირმა გზა გადაურბინა და ქვა ესროლა. ამის შესახებ რადიო
"ათინათს" ერთ-ერთმა თვითმხილველმა უთხრა.
მისივე ინფორმაციით, ქვა მგზავრს მოხვდა, რის შედეგადაც ქალმა თავის არეში დაზიანება მიიღო და სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
"ამ ქვის მსროლელმა გადაურბინა სხვა მანქანას გაქცევისას და იმ მანქანის მძღოლი რომ არ დაჯახებოდა და ჩვენც რომ არ დაგვჯახებოდა, გადავიდა გზიდან და ჩავარდა თხრილში. დამტვრეულია იმ კაცის მანქანაც. მერე, როგორც გვითხრეს, დაიჭირეს ის კაცი და სხვა კომპანიის ავტობუსის მძღოლის შვილი აღმოჩნდა", - გვითხრა თვითმხილველმა.
კომპანია "გლობუსში" ამბობენ, რომ სავარაუდო დამნაშავე ავტობუსში დამონტაჟებული ვიდეორეგისტრატორის საშუალებით იდენტიფიცირდა. "გლობუსის" წარმომადგენელი დავით დიდიშვილი აღნიშნულ ფაქტს კონკურენციას უკავშირებს.
"მე არ ვიცი ვინაა დამნაშავე, ვისი შვილია. ორნი ყოფილან და მალევე დააკავეს როგორც ვიცი. რომ ესროლეს ქვა, გაიქცნენ და სიჩქარეში მოხვდნენ ავარიაში. სხვა კითხვებზე პოლიცია გასცემს ალბათ პასუხს. დარწმუნებული ვარ, ეს იმიტომ ხდება, რომ გვაქვს აქცია, კერძოდ, ის ადამიანები, რომლებიც ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით ჩვენი ავტობუსით მგზავრობენ, უკანა გზაზე უფასოდ ბრუნებიან და ეს სერვისი, ალბათ ვიღაცისთვის პრობლემაა", - გვითხრა დავით დიდიშვილმა.
კომპანიიის კუთვნილ ავტობუსს ქვა გასულ თვესაც, ცაიშის ტერიტორიაზე
ესროლეს.
მასალის გამოყენების პირობები