ზუგდიდში 8 პირი ნარკოტიკული ნივთიერებით მოიწამლა - ორი მათგანი მართვით სუნთქვაზეა
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში დღის სხვადასხვა მონაკვეთში 8 ახალგაზრდა მამაკაცი ინტოქსიკაციის ნიშნებით შეიყვანეს.
ექიმების თქმით, მათგან ორის მდგომარეობა შედარებით მძიმეა და პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ, სასიცოცხლო ნიშნებით რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს, იმყოფებიან მართვით სუნთქვაზე. ამავე ცნობით, დანარჩენები სხვადასხვა განყოფილებაში აგრძელებენ მკურნალობას.
"დღის განმავლობაში შოკის დარბაზში შემოყვანილია რვა პაციენტი, აქედან ორი პაციენტი თვითდინებით არის შემოყვანილი, უცნობი პირების მიერ უგონო მდგომარეობაში. 2 პაციენტი სასიცოცხლო ჩვენებით გადაყვანილია მართვით სუნთქვაზე. დანარჩენი პაციენტებს ჩაუტარდათ კვლევები, სათანადო დახმარება, რის შემდეგადაც ისინი განაგრძობენ მკურნალობას ინტენსიურ განყოფილებაში. ექვსი პაციენტი მოყვანილია სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ. ექვსივე პაციენტს აღენიშნება ერთნაირი სიმპტომები: გაფართოებული გუგები, არიან დეზორიენტირებულები, აღენიშნებათ გულისრევა და ღებინება, არიან უმართავები. ყველა პაციენტი კონსულტირებულია ტოქსიკოლოგის მიერ. ძირითადად ეს არის დაუზუსტებელი ნარკოტიკული საშუალებით ინტოქსიკაცია. პაციენტები 18-დან 35 წლამდე პირები არიან. რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა არის ჯერჯერობით მძიმე", - ამბობს ექიმი მაია ესებუა.
მასალის გამოყენების პირობები