ზუგდიდის სასამართლომ "საქართველოს ბანკზე" თავდასხმისთვის ძებნილის ძმას, ბიძინა ესებუას, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა-ტარებისთვის არის დაკავებული,
4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მსჯავრდებულის უფლებადამცველები მოსამართლე ნატრული აკობიას გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.
ბიძინა ესებუას ადვოკატი იოსებ ჯანაშია ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ ის ძებნილი ბადრი ესებუას ძმაა. მისივე მტკიცებით, მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და ის სახელმწიფო სტრუქტურების მძევალი, რადგან ბადრი ესებუა ვერ დააკავეს.
ინფორმაციისთვის, სამართალდამცავი უწყება "საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში ბრალდებულის ძმას ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავება. ბიძინა ესებუა კი ამბობს, რომ მას იარაღი "ჩაუდეს". ის 12 დეკემბერს მაშინ დააკავეს, როცა საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა.
21 ოქტომბერს, შუადღეს, დაახლოებით, 14 საათზე და 10 წუთზე ზუგდიდში, "საქართველოს ბანკში" ერთი შეიარაღებული პირი შეიჭრა. თითქმის რვასაათიანი მოლაპარაკებისა და სპეცოპერაციის შედეგად, ბოროტმოქმედმა 4 მძევლის და 500 000 ამერიკული დოლარის (ოფიციალური ინფორმაციით) თანხლებით ბანკის შენობა დატოვა და პოლიციის მანქანით მიიმალა. მოგვიანებით მან მძევლები, მათ შორის, სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა ჩხოროწყუს სოფელ კირცხში დატოვა და გაუჩინარდა. გამოძიების მტკიცებით, ბანკზე თავდასხმა სოფელ ალერტკარის მკვიდრმა ბადრი ესებუამ განახორციელა.
მასალის გამოყენების პირობები