ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს შენობასთან ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლები შეიკრიბნენ და განცხადება გააკეთეს.
ისინი ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ მათ მიმართ რეპრესიების დაწყებაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ამით მთავრობა მათ დაშინებას ცდილობს. შსს-ის გენინსპექციის ყოფილი უფროსი თენგიზ გუნავას ინფორმაციით, გუშინ, ღამით ხობის პოლიციის უფროსი ლექსო რაფავა დააკავეს და ასევე, ჩხრეკა ჩატარდა ყოფილი მაღალჩინოსანის, რუსლან შამახიას საცხოვრებელ სახლში.
„ხელისუფლება გადავიდა რეპრესიებზე. მათ ნახეს, რომ პირველ ტურში არჩევნები წააგეს. აქ დგას ის ადამიანები, რომლებმაც მაქსიმალურად ხელი შეუშალეს "კარუსელების დატრიალებას" და პირადობებთან დაკავშირებულ საკითხს. მეორე ტურის წინ გადაწყვიტეს, რომ შეეშინებინათ ჩვენი თანამებრძოლები. ხობის პოლიციის ყოფილი უფროსი დააკავეს ყოვლად მიუღებელი მეთოდით, შეუვარდნენ ბავშვებთან და მეუღლესთან რომ იყო ისე, დაუდეს ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა. აქ დგას ძალიან გამოცდილი ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ემსახურებოდა ქვეყანას და საზოგადოება არ დაიჯერებს, რომ მათ სახლში იარაღი“,- ამბობს გუნავა.
მისივე თქმით, მეორე ტურისთვის ხელისუფლებას სამეგრელოსთან დაკავშირებით გეგმა აქვს, თუმცა მისი განხორციელების საშუალებას არ მისცემენ.
„ჩვენ მეორე ტურისთვის ვემზადებით და გვაქვს ბევრი ინფორმაცია, რომ მის შესახებ თუ რას აპირებს ხელისუფლება. ამაში მაქსიმალურად შეუშლით ხელს. არავის არავისი არ ეშინია, მით უმეტეს, იმ ადამიანების, ვინც ასეთი რეპრესიული მეთოდებით მოვიდნენ ხელისუფლებაში და ხელისუფლებაში ყოფნის დასასრულშიც ამას აგრძელებენ, ეს არავის შერჩება“, - აღნიშნა გუნავამ.
ყოფილი მაღალჩინოსნები მოქმედ პოლიციელებს მოუწოდებენ არ მიიღონ მონაწილეობა უკანონო სპეცოპერაციებში და აიმაღლონ ხმა უსამართლობის წინააღმდეგ.
მასალის გამოყენების პირობები