ახალი მოწვევის ზუგდიდის საკრებულოს პირველი სხდომა დაიწყო, რომელსაც 45-ვე დეპუტატი ესწრება. დღის წესრიგის მიხედვით, ახალმა შემადგენლობამ
თავმჯდომარე და მისი მოადგილეები უნდა აირჩიოს. მანამდე, სხდომას უხუცესი წევრი კონსტანტინე უბერი გაუძღვება, რომელიც საკრებულოში "ქართული ოცნების" პროპორციული სიით შევიდა.
სხდომის დაწყებამდე დამსწრეებმა ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს წევრის "ნაციონალური მოძრაობიდან" ნუგზარ ფუტკარაძის ხსოვნას მიაგეს პატივი, რომელიც 18 ნოემბერს გარდაიცვალა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, წარმომადგენლობით ორგანოში მყარი უმრავლესობა ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკრებულოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას პარტიები დამოუკიდებლად ვერ მიიღებენ. კერძოდ, ახალი საკრებულო შემდეგი შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 22 წევრი, "ქართული ოცნება" - 20, ხოლო "გახარია საქართველოსთვის" 3 დეპუტატით.
მასალის გამოყენების პირობები