ზუგდიდის ახლად არჩეული საკრებულოს თავმჯდომარე დღესაც ვერ აირჩიეს. წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელის არჩევის პროცედურის დაწყებამდე დარბაზი დატოვეს
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა. ამის გამო, კვორუმი ვერ შედგა და სხდომა ჩაიშალა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, თეიმურაზ ბასილაიას შეფასებით, საკრებულოში დღეს არსებული მოცემულობა კიდევ ერთხელ ცხადყოფს ხელისუფლების კრიზისს.
"ჩვენმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება დღეს კენჭისყრაში არ მიიღოს მონაწილეობა და დატოვოს დარბაზი. ეს არის ერთგვარი კრიზისის მოცემულობა და ეს კრიზისი ბუნებრივია შეიქმნა არჩევნების შემდეგ ხელისუფლების მიერ და კონკრეტულად, პოლიტიკური გუნდის "ქართული ოცნების" მიერ. კონკრეტულად არ მინდა პერსონიფიცირება, ეს მოხდა ვისი და რის გამო მოხდა, ეს მოხდა მთლიანად სისტემის გამო, რომელმაც პირდაპირი გაგებით წაგვართვა მანდატი და ამან შეგვიყვანა ჩიხში", - თქვა მან.
დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა 2 დეპუტატი, მათ შორის 1 ოპოზიციიდან, 1 კი მმართველი პარტიიდან.
ასევე, ცნობილი გახდა, რომ საკრებულოს მანდატი დატოვეს
ირაკლი ლაგვილავამ, რომელიც მმართველი პარტიის სიით შევიდა წარმომადგენლობით ორგანოში და ენმ-ის წევრი გიორგი ფიფია.
მასალის გამოყენების პირობები