ახალი ამბები
მეჯლისი ზუგდიდის დადიანების სასახლეში და აზრთა სხვადასხვაობა სოციალურ ქსელში (ფოტო)
საუკუნოვანი პაუზის შემდეგ დადიანების სასახლეების ტერიტორიაზე აღდგება ევროპული მეჯლისის ტრადიცია. ამ ტრადიციის ფარგლებში სასახლის ტერიტორიაზე დაგეგმილია მასშტაბური ვიდეოგადაღებები, აღნიშნული ვიდეოგადაღებები შეეხება როგორც დედოფლისეულ, ასევე ნიკოსეულ სასახლის წინ მდებარე პარკს. გადაღებებისა და წარმოდგენების ნაწილი დაგეგმილია უფლისწულ ნიკოს სასახლეში. მოსამზადებელი სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით 22-28 დეკემბერს მუზეუმი დაიხურება დამთვალიერებლებისთვის. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისათვის.

ასე ამცნო დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ადმინისტრაციამ, ფეისბუკგვერდის საშუალებით, ხალხს საახალწლო მეჯლისისა და მუზეუმის ეზოს ჩაკეტვის შესახებ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს მეჯლისი სატელევიზიო შოუა, რომელსაც ტელეკომპანია "იმედის" მაყურებელი შობის ღამეს იხილავს.

დაგეგმილმა მეჯლისმა ანუ სატელევიზო შოუმ ფართო საზოგადოების ინტერესი მალევე გამოიწვია და სოციალურ ქსელში განხილვის თემა გახდა. ფეისბუკმომხმარებლების ნაწილს იდეა მოსწონს, ნაწილი ხუმრობის ხასიათზე დადგა, ნაწილმა კი ფორმატი და მხოლოდ ერთ ტელევიზიაში გაშვება გააკრიტიკა. 

მარიამ სიჭინავა: "საჯარო სივრცე ჩაგიკეტეს, რომელსაც თქვენი ჯიბის ფულით ინახავთ. მოცეკვავეები და მომღერლები თბილისიდან ჩამოიყვანეს. თუ იქირავეს სივრცე, გვითხრან როდიდან ვაქირავებთ მუზეუმებს და მუზეუმის ეზოებს და თან რამდენად ვაქირავებთ. ამის პარალელურად, ზუგდიდელი გოგო მწერს, რომ სიმსივნის სამკურნალოდ თანხის მოგროვებაში დავეხმარო. წერილსაც ვერ ვხსნი, იმიტომ რომ ვიცი ვერ დავეხმარები. ნეტა თქვენ რატომ არ ბრაზდებით".

ნიკა ლაშხია: "ეს მეჯლისი რა გვიჯდება გლეხებს, იცით ვინმემ?"

მაია კალანდია: "გული რომ არ დაგწყდეთ, გაცნობებთ, რომ დადიანებსაც არ გვეპატიჟებიან".

კრისტინე ხვიტია: "საახალწლო გადაღებაა, რეალურად ივენთთან ერთად, ამიტო მგონი არც ისე გასაბრაზებელია დახურული როა".

დავით ლოგუა: "ვფიქრობ შეხვედრა, რომელიც დიდი ალბათობით გადასახადის გადამხდელთა ფულით ეწყობა, დაიწყება შემდეგი მიმართვით - "თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა". აბსურდს, ყოველთვის უხდება ფარსი".

ბერდია კალანდია: "მეჯლისის მომწყობთ გლეხთა აჯანყება შეახსენეთ".

ბაკურ ხუბულავა: "დადიანების ნიკოსეულ სასახლეში მეჯლისის ტრადიცია აღდგა. ცხადია, ეს ფაქტი მხოლოდ მისასალმებელია. მეტად სამწუხაროა, რომ იქ ყოფნის უფლება მხოლოდ "ბომონდს" აქვს. გიორგი კალანდია, მეტად გაფასებთ და რამდენჯერაც თქვენი ლექცია მომისმენია, მუდამ თანასწორობაზე, სიკეთესა და ერთიანობაზე საუბრობთ. სოციალისტური იდეების მოყვარული ბრძანდებით და კლასობრივ დაყოფას კატეგორიულად ეწინააღმდეგებით. თქვენთვის რამდენად მისაღებია, რომ უბრალო მოკვდავებს, არა თუ მეჯლისზე მოხვედრის შანსი, არამედ პერიმეტრიც (ეზო) ჩაუკეტეს".

ჯანო ჭკადუა: "არ მინდა დავიძინო, მეშინია შემთხვევით მეჯლისზე არ აღმოვჩნდე. მერე სინდისი შემაწუხებს".

გოჩა ლაგვილავა: "ცხვრები გამახსენდა ამ კომენტარების უმრავლესობაზე...ერთი რომ იტყვის "მეეეე,,-ს და ბევრი რომ აყვება. რატომ იმედი?! - TV იმედის და კულტურის სამინისტროს ერთობლივი პროექტია! ორი დღე თუ დაკეტეს შესასვლელი რა მოხდა მერე? თორემ ყოველდღე შედიხართ პარკში და სასახლის შენობაში ექსპონატების დასათვალიერებლად. ძალიან მაგარია! მიხარია, ჩემს ქალაქს ეღირსა მსგავსი კულტურული პროექტი/სატელევიზიო სანახაობა. TV იმედზე კიარა ოდიში TV ზე ან TV რიონზე ან სხვა ნებისმიერ არხის პროექტი რომ იყოს ყველგან ვუყურებდი, იმიტომ რომ გენიალური პროექტია".

ნათია ნიკოლაძე: "იმედის ეთერში რატომ? იქნებ არ ვუყურებ რუსულ არხებს? თუ რადგან მაღალი "რეიტინგი" აქვთ ყველაფრის გაშუქება შეუძლიათ მათ უინტერესო ჯლუყუნა ეთერში?"

ქეთი დიდიშვილი: "მე პირადად ძალიან მიხარია რომ ჩემს ქალაქში ასეთი ზღაპრული ღონისძიება იმართება, ნამდვილი საშობაო განწყობა მომიტანა ასე ლამაზად მორთულმა ქალაქმა".

ლადო ავთო: "ისეთი შეურაცხყოფა ვიგრძენი, რომ არ შემიშვეს იმ გზაზე, რომელსაც 25 წელია გავდივარ... სახლიდან სამსახურამდე და ჰოი საოცრებავ, ლურჯი სისხლის არ ხარო... ვინ უნდა გაახარონ? ისევ ბატონყმობა დაბრუნდა? მეგონა ჩვენთვის, მოკვდავებისთვის ირჯებოდნენ ასე და გახარებული ვიყავი... დღეს კი... არაო და ბოდიშითო..."

ანი თოდუა: "აბა თქვენ იცით გოგოებო, ცალი ფეხსაცმელი დატოვეთ და პრინცი გიპოვით აუცილებლად".

ხატია ფარცვანია: "ძალიან კარგი სიახლეა, ველით".

დათო ბელქანია: "დეკორაციები მერე ცოტა ხნით დატოვეთ მოკვდავთათვის".

დადიანების ეზო და ნიკოსეული სასახლე მეჯლისის გადაღებისთვის გააფორმეს, რაც ცალკე განხილვის საგანი გახდა. დააგეს წითელი ხალიჩა და მოეწყო დეკორაციები. ფეისბუკმომხმარებლების უმეტესობას მოსწონს ეს, თუმცა ნაწილმა გააკრიტიკა და საბჭოთა წარსული ამოიკითხა.


საზოგადოებაში არსებულ კითხვებს უპასუხა დადიანების სასახლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ და შოუს ერთ-ერთი წამყვანმა, გიორგი კალანდიამ. მისი განმარტებით, მეჯლისზე მხოლოდ პროფესიონალი მოცეკვავეები, მათ შორის, სუხიშვილები, იცეკვებენ და ის მხოლოდ სატელევიზიო დადგმაა. მისივე თქმით, დეკორაციები და განათებები გადაღებების დასრულების შემდეგაც დარჩება და მისი დათვალიერება 28 დეკემბრიდან ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება.

"ტერმინი დახურული არ არის სწორი და ძალიან გთხოვთ არ იხმაროთ, საერთოდ საიდან გაჩნდა ეს ტერმინი?! ეს არის სატელევიზიო დადგმა და სადმე მსოფლიოში გინახავთ გადასაღებ მოედანზე ადამიანები შედიან, თუნდაც ძალიან კეთილი მოსაზრებებით, იმიტომ რომ ეს არის გადასაღები მოედანი. აქ იცეკვებენ მოცეკვავეები, რომლებსაც გადაიღებენ ტელევიზიის წარმომადგენლები. ეს არის მთელი ქვეყნისათვის, რომ მთელი საქართველოს მოსახლეობამ ნახოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ მოედანზე მთელი საქართველო ხომ არ დაეტეოდა. ჩვენ შეგვეძლო, ხალხის რაღაც ნაწილი მოგვეპატიჟებინა და ბევრი ადამიანი დარჩებოდა, რომელსაც ვერ დავატევდით. სწორედ ამას, რომ ავარიდეთ თავი, სწორედ მაგიტომ, რომ ეს არ ყოფილიყო დახურული მეჯლისი ან მეჯლისი გარკვეული ადამიანებისათვის, ამიტომ მოვიფიქრეთ ძალიან კარგი ფორმატი - სატელევიზიო მეჯლისი, რომელიც ნაჩვენები იქნება მთლელი საქართველოსათვის", - ამბობს კალანდია.

მისივე თქმით, ამ ღონისძიების მიზანია მუზეუმი გახდეს უფრო პოპულარული. კალანდია მიიჩნევს, რომ დღეს, მთელი საქართველოს ყურადღება მოპყრობილია დადიანების სასახლისკენ და ყველას აინტერესებს თუ რა ხდება აქ.

"ასევ ყველას ძალიან კარგად ახსოვს, როგორი ნეგატიური ინფორმაცია გავრცელდა ნიკოსეული სასახლის შესახებ, რომ ის ინგრევა და გაცილებით მძიმე მდგომარეობაშია, ვიდრე ეს იყო რეაბილიტაციამდე  და ა.შ. ერთის მხრივ, ეს არის გავრცელებული ამ არასწორი ინფორმაციისადმი პასუხი. ძალიან საქმიანი პასუხი, იმიტომ, რომ სასახლე, რომელიც ინგრევა ვერ მიიღებს მეჯლისს. საუკუნოვანი პაუზის შემდეგ სასახლე მზადაა იმისათვის, რომ უმასპინძლოს ძალიან საინტერესო შოუს. ამასთან, ეს არის ისტორიული ტრადიციის აღდგენა. ეს სასახლე უფლისწულმა ნიკო დადიანმა  ააშენა სწორედ ასეთი საშობაო ზეიმისთვის და არამარტო ამისთვის. ვიტყვი იმასაც, რომ ფოიერვერკი და ბენგალიური ცეცხლი ერთ-ერთი პირველი დადიანების სასახლეში, მათ შორის, გორდის სასახლეში იქნა ნაჩვენები",- ამბობს კალანდია.

რაც შეეხება დეკორაციებთან დაკავშირებულ კრიტიკას, გიორგი კალანდია ასე პასუხობს: "წითელი ფერი კომუნისტებამდეც არსებობდა და ის აღდგომის ფერია, ქრისტეს აღდგომის ფერია და მაგალითად, ჩემთვის კომუნიზმი ნამგალთან და უროსთან ასოცირდება. თუ ვინმეს რამე კომუნისტური ეჩვენება, ვურჩევ საარქივო მასალებს გადახედოს", - აღნიშნა კალანდიამ რადიო "ათინათთან" საუბარში.

ინფორმაციისთვის, ზუგდიდში დადიანების მუზეუმის ეზოში და ნიკოსეულ სასახლეში სატელევიზიო შოუს ორი დღეა იღებენ. აქ მზადება ცოტა ხნით ადრე დაიწყო, რის შემდეგაც შესასვლელი ჭიშკარი ჩაკეტეს.

დადიანების სასახლე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბალანსზეა.



ფოტო: ფეისბუკი, ლევან გაბეჩავა, დადიანების სასახლეთა მუზეუმის ფეისბუკგვერდი
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
21 / ნოემბერი 2024
მექორწინე ოჯახებს შორის არსებული ეკონომიკური ვალდებულებების თვალსაზრისით უკანასკნელ მოვალეობას შეადგენდა ,,აკვნის მიყვანა“.
21 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.