ახალი ამბები
რატომ დაწესდა ზუგდიდის ბოტანიკურში შესვლაზე ფასი და რას ითხოვენ მოქალაქეები
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლაზე დაწესებული ტარიფები სოციალური ქსელის მომხმარებლების ერთ-ერთ მთავარ განსახილველ თემად იქცა. ადგილობრივების უმეტესი ნაწილი მიიჩნევს, რომ ბაღში შესვლა უფასო უნდა იყოს და ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას მწვავედ აკრიტიკებს. გადასახადის შემოღება მისაღებია ფეისბუკმომხმარებლების მცირე ნაწილისთვის. ისინი თვლიან, რომ ეს ბაღის ტერიტორიაზე ვანდალიზმის ფაქტების შემცირებას შეუწყობს ხელს.

სალომე ადამია: "ერთადერთი მწვანე სივრცეა ქალაქში და ეს გადაწყვეტილება ნიშნავს მასზე უფლების წართმევას. გასაგებია, რომ ბაღის შენახვა არ ჯდება იაფი და შესაძლოა, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა მართლაც არაა საკმარისი, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი საშინელი ინფლაციის, კატასტროფულად მზარდი უმუშევრობისა და კოვიდ პანდემიის ფონზე, როცა ალტერნატიული საჯარო პარკი არ აქვს ქალაქის მოსახლეობას".

თამარ გეგეჭკორი: ერთადერთი ბაღია ქალაქის ცენტრში, ბავშვების სასეირნოდ, სარბენად, სასიარულოდ, გასართობად, ყველაფრისთვის იმ ადგილს ვიყენებთ და როგორ გგონიათ ისედაც მშიერ ქვეყანაში ვინმეს აქვს ფული ყოველდღე ისევ ისეირნინ და ირბინონ როგორც მანამდე ? სიტყვები არ მყოფნის, ვერაფერს ვამბობ…"

ანანო გვილია: "ქალაქში სადაც არანაირი გასართობი სივცრე არ არის, არც კინო, არც თეატრი და ერთადერთი თავშესაქცევი ადგილი ბოტანიკურია და ეგეც ფასიანი, უბალოდ სირცხვილია. ან რას ნიშნავს ბოტანიკურმა ხომ უნდა ირჩინოს თავი?!!!! მანამდე რა ჩვენ არ "ვარჩენდით" თუ როგორ იყო საქმე?!"

ჯაბა გერსამია: "ბოტანიკურში ფასის დადება გამოიწვევს იმას, რომ ადგილობრივები არ ივლიან და ბაღი იქნება მხოლოდ ჩამოსულ ტურისტებისთვის. ჩემს ბავშვობაში როცა ქალაქში აუტანელი სიცხე იყო, ბავშვები ბაღს თავშესაფრად ვიყენებდით. აწი მხოლოდ ტურისტები იქნებიან".

ციცო მირცხულავა: "ძალიან მომწონს, ბოტანიკურმა ბაღმა ხომ უნდა ირჩინოს თავი. ვნახეთ უკვე, ამ რამოდენიმე დღეში, არავინ რომ არ იყო პატრონი, როგორ გააპარტახეს დაანგრიეს, დაამტვრიეს ლამპიონები, გაავერანეს მიდამო დააბინძურეს ყველაფერი, პატრონი რომ ეყოლება ბაღს ყველაფერი მოვლილი იქნება გულს რომ გაუხარდება ისე, სიამოვნება გინდა და საფასური არაა? თუ არ გინდა არ შეხვიდე არავინ არ გაძალებს".

მარიამ თოლორაია: "სტუმრები მყავდა ჩამოყვანილი და გაუკვირდათ, ფასიანი არ არისო ? საქართველოᲨი რომელი ბოტანიკური ბაღია უფასო ? ან ევროპაში ? მილიონობით ლარი რომ დაიხარჯა მის განახლებაში რატომ გიკვირთ რომ ფასიანი გახდა? აქამდეც უნდა ყოფილიყო. რას ჰგავდა - მიუვალი ჯუნგლები, ახლა კი ნამდვილად ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია ზუგდიდის".


ფეისბუქზე პოლემიკის პარალელურად ქალაქში აქციაც დაიგეგმა. მისი ორგანიზატორები ამბობენ, რომ ბაღში შესვლა უპირობოდ და ყველა ეტაპზე უფასო უნდა იყოს. ამასთან, მიიჩნევენ, რომ ძირითად დანიშნულებასთან ერთად, ბოტანიკურით სარგებლობა ადგილობრივებისთვის ბევრ სხვა მნიშვნელოვან ფაქტორს მოიცავს.

"ზუგდიდელებისთვის ბოტანიკური ბაღი არის ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი სივრცე, მას დასვენების ადგილთან ერთად აქვს ეკონომიკური განზომილება, ვინაიდან მას გაივლის ათასობით ზუგდიდელი, რომელიც სკოლაში, სამსახურში თუ ლუკმა პურის საშოვნელად მიდის. პოლიტიკური და სოციალური განზომილება - თავისუფალ, ღია და გაშლილ სივრცეში სხვადასხვა ასაკის და ინტერესის მქონე ადამიანი ცვლის აზრს - ეს ამ სივრცის მთავარი მნიშვნელობაა რასაც ბაღში შესასვლელად ფასის დაწესება გააუფასურებს. ყველა ზუგდიდელში არის განცდა, რომ ბოტანიკური ბაღი მათი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, ადგილი სადაც ბავშვობა გაატარეს, მეგობრები გაიჩინეს, პაემანზე დადიოდნენ, სადაც ყოველდღიურად უამრავ ადამიანს ხვდებიან. ბოტანიკური ბაღის გარშემო ან მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა, მას ყოველდღიური საჭიროებისთვის იყენებს. ბოტანიკურ ბაღზე გავლა საგრძნობლად უმცირებს მანძილს იმ მოქალაქეებს, რომელთაც ავტომობილი არ ჰყავთ და ქალაქში გადაადგილება ფეხით უწევთ. ბენზინის გაძვირების, კომუნალურების გაძვირების, საკვების გაძვირების და იმის ფონზე, რომ საქართველოს მოსახლეობის 69% საკვებზე დანახარჯს ზოგავს, ბოტანიკური ბაღის გაფასიანება მოქალაქეებისთვის ზედმეტი და მიზანშეუწონელი ხარჯია. ბაღისთვის ფასის დადებით, ის ზუგდიდის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის ხელმიუწვდომელი გახდება. გამოდის რომ, საჯარო სიკეთეს, რომელიც თითოეული ზუგდიდელის საკუთრებაა, მიუწვდომელს ვხდით მოსახლეობის გარკვეული ფენისთვის. ბოლო ათლწლეულებში ბოტანიკური ბაღის არასდროს ყოფილა ფასიანი. გვახსოვს ბოლო პრეცედენტი, საწყის ეტაპზე, როდესაც ბოტანიკური ბაღი გარკვეული პერიოდით ფასიანი გახდა, თითქმის დაცარიელდა. შეადარეთ, რამდენი ვიზიტორი იყო და დღეს რამდენი ადამიანი დადის", - გვეუბნება მოძრაობა "ხმის" წარმომადგენელი კაკო ჩიქობავა და დასძენს, რომ ბაღში შესვლაზე ფასის დაწესება მას ვანდალიზმის ფაქტებისგან ვერ დაიცავს.

"ბაღში შესვლა ფასიანი იმიტომ არ გამხდარა, რომ ის ვანდალიზმისგან დაიცვან. ამ ტიპის ვარაუდი არ ეფუძნება საღ აზრს. თითქოს, ის, ვინც ფულს გადაიხდის არ დააზიანებს. რა გამოდის, ვინც იხდის ის პასუხისმგებლიანი მოქალაქეა, ვინც არ/ვერ იხდის ის უპასუხისმგებლო? ასე ხომ მოქალაქეების გარკვეულ ნაწილს ვაძევებთ სივრციდან, რომელიც მათ ეკუთვნით, მხოლოდ იმიტომ რომ ისინი საზოგადოების კონკრეტულ ფენას წარმოადგენენ", - ამბობს ჩიქობავა.

ბაღი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, - მიიჩნევენ აქციის ინიციატორები და თვლიან, რომ ბოტანიკურის მოვლა-პატრონობაზე სწორედ მუნიციპალიტეტია პასუხისმგებელი.

თავის მხრივ, ჩვენთან საუბარში ააიპ-ის ხელმძღვანელი ზვიად ქარჩავა განმარტავს, რომ ბოტანიკურ ბაღში ფასების დაწესება შემოსავლების გაზრდას შეუწყობს ხელს, რაც დროთა განმავლობაში მის თვითკმარ ფუნქციონირებას განაპირობებს.

"პირველი არგუმენტი არის ის, რომ უნდა გაიზარდოს შემოსავლები. ამასთან, ჩვენ დაფინანსების ალტერნატიულ წყაროებს ვეძებთ. ვმუშაობთ გრანტების მოპოვებაზეც. გარდა ხელფასისა ბოტანიკურს სჭირდება მოვლა, შენახვა და პატრონობა. რაც გვაქვს ის რომ შევინარჩუნოთ, დაახლოებით, მილიონ 200 ათასი ლარი სჭირდება. თუ ჩვენ ბოტანიკური ბაღის განვითარებაზე ვიფიქრებთ, ეს ხარჯი კიდევ უფრო გაიზრდება. შემოსავლების გენერირებისთვის დავაწესეთ გადასახადი. ყველა გადაწყვეტილებას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარე, თუმცა მე პირადად როგორც ერთ-ერთი გადაწყვეტილების მიმღები პირი, ვფიქრობ რომ უპრიანი იქნება ბაღი ნელნელა ჩამოშორდეს ბიუჯეტს და იყოს თვითდაფინანსებაზე, ის თანხა კი, რომელსაც ვიღებთ დასაქმებულები, მოხმარდეს სოციალურ პაკეტებს", - ამბობს ქარჩავა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტში ა(ა)იპ "ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრისთვის" 850 ათასი ლარია გათვალისწინებული. თანხა თითქმის სრულად იხარჯება ბაღის ადმინისტრაციისა და თანამშრომლების ხელფასზე. "ათინათის" მიერ გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაში, აღნიშნულია, რომ ააიპ-ში დამტკიცებული საშტატო განრიგი 72 თანამშრომელს ითვალისწინებს, ხოლო ამ ეტაპზე დასაქმებულია 61 პირი. მათი ხელფასები 700-დან 2250 ლარამდე მერყეობს.

ბოტანიკური ბაღი არის ტერიტორია, სადაც ცოცხალი მცენარეების კოლექციები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან და სხვადასხვა კლიმატური ზონიდან არის გაშენებული, შესწავლილი და დემონსტრირებული კვლევითი, საგანმანათლებლო მიზნებისთვის. საქართველოს რამდენიმე ბოტანიკურ ბაღში შესვლა ფასიანია. რაც შეეხება მსოფლიოში არსებულ პრაქტიკას, მსგავსი ტერიტორიების დათვალიერება რიგ შემთხვევებში ფასიანი, ნაწილში კი თავისუფალია. მაგალითისთვის, პარიზის ბოტანიკურ ბაღში შესვლა ყველასთვის უფასოა. ბილეთი საჭიროა მხოლოდ სათბურებისა და ორანჟერეების დასათვალიერებლად. ანალოგიურად უფასოა სიდნეის სამეფო ბაღის დათვალიერებაც, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბოტანიკურ ბაღად მიიჩნევა, სადაც ათასობით იშვიათი ხე-მცენარეა თავმოყრილი.

​ინფორმაციისთვის, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წლის იანვრის ბოლოს დაიწყო. მისი სრული რეაბილიტაციისთვის 11 974 436 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები სამშენებლო კომპანია "ჯავამ" განახორციელა, რომელმაც მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხის 70%-ის გადახდა ზუგდიდს საკუთარი სახსრებით მოუწევს. ამ თანხის 50% მერიამ 11%-იანი სესხის სახით, მსოფლიო ბანკიდან აიღო, ხოლო დანარჩენი 2019 წლის ბიუჯეტიდან გამოყო. რაც შეეხება რეაბილიტაციისთვის საჭირო დანარჩენ 30%-ს, მუნიციპალიტეტმა გრანტის სახით მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მიიღო.

მერიამ სესხის სახით აღებული ფინანსური ვალდებულების გადახდა 2020 წლის იანვრიდან დაიწყო და ის 2028 წლის მარტის თვეში დასრულდება.


ამავე თემაზე: 

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა ფასიანი 1-ლი თებერვლიდან გახდება

ბოტანიკური ბაღი უნდა იყოს უფასო - ზუგდიდში აქცია დაიგეგმა


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
23 / ნოემბერი 2024
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ეკონომიკის ყოფილმა „მინისტრმა“ და ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერმა, ადგურ არძინბამ განაცხადა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკა შეიძლება გახდეს რუსეთ-ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოს ერთიანი ვალუტის საცდელი ადგილი. ამის შესახებ მან რუსულ РБК - სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
23 / ნოემბერი 2024
„ახლა აფხაზეთში არ ვარ, რამდენიმე დღით მიფრინავ მოსკოვში“, - ამის შესახებ რუსულ „ტასს“ დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ განუცხადა.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა, ცოტა ხნის წინ, რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს, შემდეგ კი მსვლელობით დაიძრნენ მდინარე ჩხოუშის ხიდისკენ.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.