ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლას ვეგასში ჩატარებულ შეჯიბრში ზუგდიდელმა გიორგი ჯიქიამ მეორე საპრიზო ადგილი მოიპოვა.
სპორტსმენმა 84 კგ-იან წონით კატეგორიაში იასპარეზა. რადიო
"ათინათთან" ჯიქია ამბობს, რომ Las Vegas USA Open ყოველწლიურად ტარდება და მასში 7 000-მდე სპორტსმენი მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნიდან მონაწილეობს.
"კარატე შოტოკანში, WFK ეგიდით ჩატარდა ჩემპიონატი. ჯანმრთელობის პრობლემების გამო თითის 3 წელია შეჯიბრზე არ გავსულვარ. ამერიკის პირველ ნომერი ძალიან დიდი ქულებით დავამარცხე რაც იყო ჩემი მიზანი და გეგმა. ფსიქოლოგიურად ვიყავი ძალიან მოტივირებული", - გვეუბნება სპორტსმენი.
გამარჯვების აღსანიშნად მან კვარცხლბეკზე ქართულთან ერთად, უკრაინის დროშაც აიტანა, რითაც, მისი თქმით, მოძმე ერის მიმართ სოლიდარობა გამოხატა.
"სადაც არ უნდა ვიყო, დროშა სულ ჩემთან არის. ამჯერად კი უკრაინის ალამიც, რადგან მინდოდა რაც შეიძლება მეტ უცხოელს ენახა. იყვნენ ისეთებიც, ვინც არ იცოდა რომელი ქვეყნის დროშები მეკავა, ვცდილობდი ამეხსნა, რომ ჩვენ ძმები ვართ და ერთი მტერი გყავს", - ამბობს გიორგი.
ზუგდიდელი სპორტსმენი ამერიკაში უკვე 5 წელია იმყოფება. ის არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია, მათ შორის არის 2 გზის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონიც. ამ ეტაპზე გიორგი ჯიქია ფიტნეს მწვრთნელია, ამასთან ბავშვებს კარატეს ასწავლის.
ამავე თემაზე:
ვინ არის ამერიკაში მოღვაწე ზუგდიდელი სპორტსმენი (ფოტო)
მასალის გამოყენების პირობები