სახალხო მოძრაობა "შინ ევროპისკენ" ფარგლებში ზუგდიდში, რამდენიმე ლოკაციაზე საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება.
მოქალაქეებს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ლადო აფხაზავა, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე და მსახიობი ლაურა რეხვიაშვილი ხვდებიან და საინფორმაციო ბუკლეტებს ურიგებენ.
"ადამიანები არიან მზად, იმისთვის, რომ დიდი ინტერესით ჩაერთონ დისკუსიაში, დაგვისვან კითხვები, გამოთქვან მოსაზრებები. ჩვენ ვიწვევთ მათ დისკუსიაში სწორედ იმაზე სასაუბროდ, თუ რა დაკარგა საქართველომ, იმით, რომ ვერ მიიღო ამჯერად კანდიდატის სტატუსი ევროკავშირის წევრობაზე და რას დაკარგავს, თუ საერთოდაც ვერ შევძელით დეკემბრამდე ეს ასე ვთქვათ "საშინაო დავალება" ჩავაბაროთ. ეს უნდა შევძლოთ ყველამ და ვფიქრობ, შესაბამისი განწყობა არის მოქალაქეებში. არიან ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა არაგულწრფელი მიზეზებით, სამწუხაროდ გუშინაც დავინახეთ, ხელს უშლიან სხვა მოქალაქეებს, თუმცა იღებენ პასუხს ისევ ადგილობრივებისგან, რომ სურთ საუბარი ამ საკითხებზე", - უთხრა ჟურნალისტებს ზვიად ქორიძემ.
დღეს შეხვედრები ზუგდიდის ცენტრალური ბაზრისა და სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე გაიმართა.
"ნათელია, რომ მოსახლეობის უმრავლესობას სურს ევროკავშირში ინტეგრაცია, თამამად გვართმევენ ხოლმე ბუკლეტებს, გახარებულები არიან როცა მივდივართ მათთან. გვაქვს ძალიან კარგი განწყობა", - თქვა ლადო აფხაზავამ.
სახალხო მოძრაობა "შინ ევროპისკენ" საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წევრების ჩართულობით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები