"ჩვენ არ გვაწუხებს მესამე ქვეყნების, მაგალითად, საქართველოს რეაქცია ამ ვიზიტზე", - ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს
აფხაზეთში ვიზიტის კომენტირებისას გააკეთა.
"აფხაზეთის რესპუბლიკა არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, საერთაშორისო სამართლის სუბიექტი და გეოპოლიტიკური რეალობა. ჩვენ განვიხილავთ ბელარუსს, როგორც ჩვენი საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან სფეროს. ისინი ჩვენი მეგობრები არიან", - დასძინა მან.
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აფხაზეთში გუშინ 28 აგვისტოს ჩავიდა და აფხაზ ლიდერს ასლან ასლან ბჟანიას ბიჭვინთის ე.წ. სახწლმწიფო აგარაკზე შეხვდა.
ბელარუსის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გუშინ, 28 სექტემბერს გამოქვეყნებულ პრესრელიზში ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის შესახებ კი ვკითხულობთ, რომ ალექსანდრე ლუკაშენკო "შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე" იმყოფებოდა.
აქვე წერია, რომ "ასევე შეხვედრა შედგა აფხაზურ მიწაზე. ბელარუსის სახელმწიფო მეთაურმა ასლან ბჟანიასთან ეკონომიკური პროექტები განიხილა, ბელარუსისა და აფხაზეთის თანამშრომლობის პერსპექტიული საკითხები".
აღსანიშნავია, რომ პრესრელიზში ასლან ბჟანიას თანამდებობა მითითებული არ არის.
ბიჭვინთაში გამართულ შეხვედრაზე, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მისი აფხაზეთში ჩასვლა განსაკუთრებულ ვითარებას არ უკავშირდება.
მან აღნიშნა, რომ ბელარუსი და რუსეთი ათანხმებენ თავიანთ ქმედებებს.
"გუშინ ჩვენ განვიხილეთ აფხაზეთის პრობლემები ჩვენს უფროს ძმასთან ვლადიმერ პუტინთან... ბევრი ვიმსჯელეთ ამ საკითხებზე და მივედით იმ დასკვნამდე, რომ აფხაზეთის მიტოვება არ შეიძლება.. მას დახმარება სჭირდება, რათა ამ აყვავებულმა მხარემ და მისმა ხალხმა ნორმალურად იცხოვრონ... რუსეთი მზად არის მხარის შეაშველოს აფხაზეთს. დღეს დადგა ამის დრო. დღეს, როგორც არასდროს, დავინახეთ, თუ როგორი გახდა მსოფლიო. ჩვენ მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ მოგვცემენ. ამიტომ, დღეს მეგობრებთან ურთიერთობა უნდა გავამყაროთ",-განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.
გუშინვე, ღამით, ბელორუსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ოკუპირებული აფხაზეთი დატოვა.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდეტნმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ ისინი დიდი იმედებს ამყარებენ ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტზე. მისი თქმით, ბიჭვინთაში გამართულ შეხვედრაზე, მათ ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივები განიხილეს.
ბელორუსის რესპუბლიკის მიერ "აფხაზეთის დამოუკიდებლობის" შესაძლო აღიარების საკითხის კომენტირებისას, აფხაზმა ლიდერმა განაცხადა, რომ ბელარუსის რესპუბლიკის მეთაურის "აფხაზეთში ვიზიტის ფაქტი ბევრზე მეტყველებს".
" ... დღევანდელ ეტაპზე ურთიერთობა ახალ ხასიათს იძენს, ჩვენს ურთიერთობებს ახალი იმპულსი მიეცა. იმედი მაქვს, რომ ეტაპობრივად, ნაბიჯ- ნაბიჯ მივალთ იქამდე. ამ საკითხში მოვლენებს წინ არ გავუსწრებდი, მაგრამ ამ დიდ სახლში პირველი აგური უკვე დადებულია... "
საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ - მინისტრმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადეს, რომ "მტკიცედ გმობენ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში", რაც მათი თქმით "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დაუშვებელი დარღვევაა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ბელარუსის ელჩი, ანატოლი ლისი.
მასალის გამოყენების პირობები