პროკურორი - ბრალდებულმა პროცესზე აღიარა, რომ მოზარდს დანა ორჯერ ჩაარტყა
ზუგდიდში მესხიას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ 17 წლის ე.ც. - ს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ
წინასწარ პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს პროკურორმა უთხრა, ბრალდებულმა სხდომაზე აღიარა, რომ მან ორჯერ ჩაარტყა დანა გულ- მკერდის არეში საბა მამფორიას. რაც შეეხება უშუალოდ მკვლელობას, ამ ფაქტთან დაკავშირებით ის არაფერს ამბობს. პროკურორი ასევე განმარტავს, რომ მტკიცებულებების მოპოვების ეტაპზე შესაძლოა გამოიკვეთოს ბრალდების ახალი წრე.
დანაშაული ზუგდიდში, მესხიას ქუჩაზე მდებარე სტადიონის ტერიტორიაზე 2 დღის წინ მოხდა. 30-ზე მეტ არასრულწლოვანს შორის მომხდარი დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა. 14 წლის საბა მამფორია გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობით საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ე.ც.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "ე" ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც დამამძიმებელ გარემოებაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20-წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები