ზუგდიდში სპორტ კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები სავარაუდოდ ახლო მომავალში განახლდება. მუნიციპალური განვითარების ფონდმა 13 009 345-ლარიანი ტენდერი უკვე გამოაცხადა. პროექტი აზიის განვითარების ბანკიდან მიღებული სესხით განხორციელდება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, წინადადებების მიღება 29 იანვრიდან დაიწყება და ორ თებერვლამდე გაგრძელდება. სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას დაეკისრება ვალდებულება, რომ პროექტი 13 თვეში დაასრულოს.
ზუგდიდის სპორტ კომპლექსი ექსპულატაციაში 2022 წლის სექტემბერში უნდა შესულიყო, თუმცა ჩინურმა კომპანიამ ნაკისრი ვალდებულება
არ შეასრულა და სამუშაოები შეჩერდა.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა სპორტ კომპლექსის დასასრულებლად ტენდერი ოქტომბერშიც გამოაცხადა, ამ შემთხვევაში პროექტის ღირებულებად 11.5 მილიონი ლარი მოიაზრებოდა
პროექტი ითვალისწინებს დიდი და მცირე საცურაო აუზების, ტრენაჟორების, ძალოსნობის, კრივის და ჭიდაობის დარბაზების მშენებლობას. მოეწყობა გასახდელები და საშხაპეები, როგორც სპორტსმენებისთვის, ასევე მწვრთნელებისა და მსაჯებისთვის. იქვე განთავსდება ღია კაფე, პატარა მაღაზია და საკონფერენციო დარბაზი. გათვალისწინებულია ყველა ის სამუშაო ოთახი, სივრცე და ტექნიკური სათავსო, რაც კომპლექსის ფუნქციონირებისათვის არის საჭირო. ამასთან, დაგეგმილია კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. პროექტში გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის შენობის ადაპტაციის ღონისძიებები.
მასალის გამოყენების პირობები