საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბრალდებულ და ორწლიანი ძებნის შემდეგ დაკავებულ ბადრი ესებუას, დღეს 9 თებერვალს,
პროკურატურამ კიდევ ერთი ბრალი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა და შენახვის მუხლით წარუდგინა.
უწყების განცხადების თანახმად, ბრალდებულს დაკავებისას მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, თვითაღიარებული აფხაზეთის ე.წ. პასპორტი და რუსული რუბლი აღმოაჩნდა.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს მიმართავს. რაც შეეხება "საქართველოს ბანკზე" თავდასხმის სისხლის სამართლის საქმეს, ამაზე სასამართლოში არსებითი განხილვა მიმდინარეობს.
გუშინ, 8 თებერვალს
შსს-მ დაადასტურა, რომ ბადრი ესებუა ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში, ადგილობრივი მცხოვრების, ოჯახის ნათესავის ომიანე ჯიქიას სახლში
აიყვანა. საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა
ბრალს არ აღიარებს.შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბადრი ესებუას საქმეს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები