რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სავარაუდოდ შეხვედრებს გამართავს ბელარუსის ლიდერთან ალექსანდრე ლუკაშენკოსათან, ასევე შეხვდება თვითაღიარებული რესპუბლიკებისს პრეზიდენტებს ასლან ბჟანიას და ალან გაგლოევს,
წერს „ეხო კავკაზა“.
მანამდე აფხაზური მედია „პრეზიდენტის ადმინისტრაცაზე“ დაყრდნობით წერდა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია „სამუშაო ვიზიტით“ მოსკოვში გაემგზავრა. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ბჟანია შეხვედრებს გამართავს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.
მოსკოვში „ვიზიტით“ გაემგზავრა ასევე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „საგარეო საქმეთა მინისტრი“ ინალ არძინბა, რომელიც უწყების ინფორმაციით, „აფხაზეთ-რუსეთის სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის აქტუალური საკითხების განხილვას გეგმავს რუსეთის სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლებთან“.
კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა დღეს განაცხადა, რომ „პუტინის განრიგში არ არის გათვალისწინებული შეხვედრები აფხაზეთის პრეზიდენტთან“.
უფრო ადრე, კრემლმა პუტინისა და ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვედრა დააანონსა. ლუკაშენკომ დღეს დაადასტურა, რომ პუტინს 17 თებერვალს შეხვდება.
ტელეგრამის არხმა BONV[Ӕ]RNON გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „სამხრეთ ოსეთის ლიდერი ალან გაგლოევი მოსკოვში შეხვდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს 22 თებერვალს“.
რუსული ტელეგრამ არხი MIG Russia წერდა, რომ „რამდენიმე სახელმწიფოს მეთაური ემზადება მოსკოვში ჩასასვლელად“, თუმცა დეტალებზე არაფერი იყო ნათქვამი.
ამავე წყარომ გამოაქვეყნა რუსეთი დუმის დეპუტატის დიმიტრი კუზნეცოვის პოსტი, რომელშიც ის იმედს გამოთქვამდა, რომ ბელარუსთან რუსეთის „ისტორიული გაერთიანების საკითხი“ ძალიან მალე გადაწყდება.
„
მინდა იმედი ვიქონიო, რომ ეს 21 თებერვალს გადაწყდება. 25 წელია ამის იმედი მაქვს. ხომ უნდა შესრულდეს? ასევე არიან სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. შესაძლოა, საერთოდაც სსრკ 2.0 და ვლადიმერ ვლადიმიროვიჩი გენიალურად ატრიალებს ჭადრაკის დაფას. თუ ვიცხოვრებთ - ვნახავთ“.
ამავე ცნობით, 21 თებერვალს ვლადიმერ პუტინი სიტყვით მიმართავს მოსკოვის ფედერალურ ასამბლეას. გასული წლის 21 თებერვალს პუტინმა გამოაცხადა სეპარატისტული დონბასის ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარება. სამი დღის შემდეგ დაიწყო რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში.
2022 წლის მარტში ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკამ ოკუპირებული აფხაზეთის "დამოუკიდებლობა" აღიარა.
მანამდე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა პრესრელიზი, რომელშიც ნათქვამია, რომ სოხუმმა და ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ "დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს და ნოტები გაცვალეს".
2022 წლის 26 თებერვალს, აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა ბრძანებას დონბასის სეპარატისტული ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარების შესახებ.
ბელარუსის რეჟიმს საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარებული არ აქვს, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში გასული წლის 28 სექტემბერს ჩავიდა, სადაც ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა. შეხვედრაზე, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ „მისი აფხაზეთში ჩასვლა განსაკუთრებულ ვითარებას არ უკავშირდებოდა და რომ ბელარუსი და რუსეთი ათანხმებენ თავიანთ ქმედებებს“.
აფხაზმა ლიდერმა კი განაცხადა, რომ ბელარუსის რესპუბლიკის მეთაურის "აფხაზეთში ვიზიტის ფაქტი ბევრზე მეტყველებს და ამ ეტაპზე ურთიერთობა ახალ ხასიათს იძენს".
საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ - მინისტრმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ მაშინ განაცხადეს, რომ "მტკიცედ გმობენ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში", რაც მათი თქმით "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დაუშვებელი დარღვევაა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ბელარუსის ელჩი, ანატოლი ლისი.
მასალის გამოყენების პირობები