"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოსა და "ხალხის ძალას" შორის კონსულტაციების შედეგად "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის პარლამენტიდან გაწვევის გადაწყვეტილება მიიღეს.
ამის შესახებ ერთობლივი განცხადება "ქართული ოცნების" ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდა.
"ვხედავთ, რომ მიღებულმა კანონპროექტმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. სიცრუის მანქანამ შეძლო კანონპროექტის უარყოფითად წარმოჩენა და საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეცდომაში შეიყვანა. კანონპროექტს მიაკერეს "რუსული კანონის" ყალბი იარლიყი, ხოლო მისი პირველი მოსმენით მიღება საზოგადოების ნაწილის თვალში ევროპული კურსიდან გადახვევად წარმოაჩინეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, როგორც საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე პასუხისმგებელმა მმართველმა ძალამ, მივიღეთ გადაწყვეტილება, უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გავიწვიოთ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი,"- ნათქვამია განცხადებაში.
"ქართული ოცნების" მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია ისიც, რომ საზოგადოებაში ემოციური ფონის ჩაცხრობის შემდეგ მმართველი გუნდი ეცდება მოსახლეობას უკეთ გააგებინოს თუ რატომ არის "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი მნიშვნელოვანი.
14 თებერვალს მოძრაობა "ხალხის ძალამ" განაცხადა, რომ პარლამენტში აინიცირებენ კანონპროექტს, რომელიც უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს. კანონი საზღვარგარეთიდან შემოსული დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობას შეეხება. მათი მტკიცებით, კანონპროექტი აშშ-ში მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით შეადგინეს და სხვა დემოკრატიული ქვეყნების "საუკეთესო პრაქტიკაც" გაითვალისწინეს.
პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს დაამტკიცა, საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა "რუსულ კანონზე" და
ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე.
"ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა ამ განცხადებებს პროვოკაციულს უწოდებდა და პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნას გეგმავდა.
7 და 8 მარტს და 9 მარტს გამთენიისას, პოლიციამ საპროტესტო აქციები ძალის და სპეციალური საშუალებების გამოყენებით დაშალა. შსს-ს თანახმად, რომელიც აცხადებს, რომ აქციების მონაწილეები გავიდნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებიდან და ძალადობას მიმართეს, სულ დაკავებულია 133 პირი.
მასალის გამოყენების პირობები